გიორგი ვოლსკი: წელგამართულები ვართ იმიტომ, რომ არ არსებობს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც რეიტინგებში ყველა მიმართულებით არ დაგვაყენა მოწინავე ადგილებზე
“არაერთხელ გვითქვამს, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა თუ არ შეუშლის ხელს, საქართველო ყველაზე უფრო მეტად იმსახურებდა და ახლა უფრო მეტად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ვიდრე ნებისმიერი ქვეყანა, ვისაც ეს სტატუსი ბოლო პერიოდში მიენიჭა ან ახლა ელოდება ამ სტატუსს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ “ქრონიკასთან” განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა მიმართულებით, რეიტინგებში საქართველო მოწინავეა.
„რეკომენდაციების რეალური შესრულების გარდა არსებობს პოლიტიკური კონიუნქტურა, სადაც საქართველო მოიაზრება იმ მოკავშირედ, რომელიც ევროკავშირს აუცილებლად სჭირდება იმისთვის რათა თავისი სტრატეგიული გეგმა [განახორციელოს] ენერგორესურსების მიღების თვალსაზრისით იქნება ეს თუ დამაკავშირებელი რგოლის სტაბილურობის აუცილებლობის თვალსაზრისით. ეს კონიუნქტურა იმოქმედებს დადებითი გადაწყვეტილების მიღებაზე. რეკომენდაცია, პროფესიონალური ნაწილი საგანგებოდ მნიშვნელოვანია და აქ წელგამართულები ვართ იმიტომ, რომ არ არსებობს არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც რეიტინგებში ყველა მიმართულებით არ დაგვაყენა მოწინავე ადგილებზე და ევროკავშირისა და ნატოს ზოგიერთ ქვეყანას ვუსწრებთ კიდევაც“, – განაცხადა ვოლსკიმ.