რატი ბრეგაძე: ჩვენ პატიმრები სამოქალაქო კლინიკებში გადაგვყავს, განსხვავებით „ნაცმოძრაობის“ მმართველობისგან, რომლის დროსაც ისინი გადაჰყავდათ მორგში
“მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, თანამშრომლების მიმართაც და სამწუხაროდ, ერთი თანამშრომელი არის ამჟამად დაკავებული. ხელი არ უნდა შევუშალოთ გამოძიებას მუშაობაში, იმიტომ, რომ შესაძლოა სხვა პირების პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის ფაქტზე მიმდინარე საგამოძიებო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
ბრეგაძემ მედიასთან საუბრისას განმარტა, თუ რატომ მოხდა პატიმრების კერძო კლინიკაში გადაყვანა და აღნიშნა, რომ შესაბამისი კვლევების ჩასატარებლად ან იმის გამო, რომ ციხის საავადმყოფოში ადგილი არ არის, პატიმრები სამოქალაქო კლინიკებში გადაჰყავთ.
„ბევრი პატიმარი გადაგვყავს ჩვენ სამოქალაქო კლინიკაში, როდესაც არის ამის საჭიროება. შესაბამისად, როდესაც დადგა თქვენს კითხვაში დასულ მსჯავრდადებულთან გადაყვანის საჭიროება, ის გადაყვანილ იქნა კერძო კლინიკაში, რომელშიც იმყოფება წელიწადზე მეტია. ეს არის ჩვეულებრივად აპრობირებული პრაქტიკა, როდესაც, მაგალითისთვის, ციხის საავადმყოფოში არ იქნება ადგილი ან საჭიროა სხვა უფრო დამატებითი კომპლექსური კვლევების ჩატარება, ჩვეულებრივად გადაგვყავს ჩვენ პატიმრები სამოქალაქო კლინიკებში, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის მმართველობისგან, რომლის დროსაც სისტემური პრობლემა იყო ადამიანების წამება და მათდამი არაადამიანური მოპყრობა და კლინიკის ნაცვლად, ისინი გადაჰყავდათ მორგში, აბამდნენ გვამებზე და ასე მკურნალობდნენ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.