ისრაელი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ,,ჰამასის,, ლიდერებს, მათ შორის, მის სამხედრო ფრთას ღაზას სექტორის დატოვების შესაძლებლობა მიეცეს, სანაცვლოდ კი, მძევლების გათავისუფლება მოხდეს.
ამის შესახებ გაზეთი Yedioth Ahronoth-ი იტყობინება.
როგორც გამოცემაშია ნათქვამი, ანკლავში ჰამასის აქტივებისა და მისი ინფრასტრუქტურის განადგურებას შესაძლოა, წლები დასჭირდეს და, რაც მთავარია, ეს პროცესი დიდ დანაკარგს გამოიწვევს.
„ამიტომ, ისრაელში და საერთაშორისო საზოგადოებაში ისეთ იდეებს განიხილავენ, რომლებიც ამ პროცესის შემცირებას და, რაც მთავარია, ღაზაში ,,ჰამასის,, კაპიტულაციას რაც შეიძლება სწრაფად გახდის შესაძლებელს.დაინტერესებული პირები ღაზას სექტორიდან ისრაელის თანხმობით, ,,ჰამასის,, სამხედრო ფრთის, მათ შორის, მისი ლიდერების გასვლის შესაძლებლობას განიხილავენ, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ“, – აღნიშნავს გაზეთი.
სტატიის ავტორი პარალელს ავლებს „1982 წლის ბეირუთის მოდელთან“, როდესაც პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის (PLO) წევრებმა, იასირ არაფატის მეთაურობით, შეძლეს ისრაელის არმიის მიერ ალყაში მოქცეული ბეირუთიდან ტუნისში გადასვლა.
გამოცემის ცნობით, ეს თემა ბოლო დროს არაერთხელ განიხილებოდა პრესაში, ასევე, ისრაელის პრემიერმინისტრის მონაწილეობით სხვადასხვა შეხვედრაზე.
გამოცემის მტკიცებით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „დიდი ინტერესი გამოიჩინა“ გაჟღერებული ინიციატივების მიმართ და დამატებითი მასალები ითხოვა.
ამავდროულად, როგორც Yedioth Ahronoth წერს, ასეთი მიდგომა არ იძლევა ისრაელის ხელმძღვანელობის მიერ გამოცხადებული ზოგიერთი საომარი მიზნების მიღწევის საშუალებას. მაგალითად, ,,ჰამასის,, ათასობით აქტივისტის საქმიანობის აღმოფხვრას და დაჯგუფების სამხედრო ინფრასტრუქტურის, ყველა გვირაბის, ბუნკერის და რაკეტების მწარმოებელი ქარხნების განადგურების შესაძლებლობას.