მსოფლიოში მეორე ადამიანი, რომელსაც გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
58 წლის ლოურენს ფაუსეტს ოპერაცია 20 სექტემბერს ჩაუტარდა, რის შემდეგაც მან თითქმის ექვსი კვირა იცოცხლა.
პაციენტმა ოპერაციის შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, ჩაერთო ფიზიოთერაპიაში, გაატარა დრო ოჯახის წევრებთან და ბანქოს თამაშობდა მეუღლესთან ერთად, მაგრამ ბოლო დღეებში მისმა ორგანიზმმა გადანერგიული ორგანოს მიუღებლობის ნიშნების გამოვლენა დაიწყო. სამედიცინო ჯგუფის უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, ექიმებმა ფაუსეტის გადარჩენა ვერ შეძლეს.
თავდაპირველად, ლოურენს ფაუსეტი მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში 14 სექტემბერს მივიდა. საავადმყოფოში მისვლისას პაციენტი გულის უკმარისობის ბოლო სტადიაში იმყოფებოდა. ოპერაციამდე ცოტა ხნით ადრე ფაუსეტს გული გაუჩერდა და რეანიმაცია დასჭირდა.
ექიმების თქმით, მისთვის ტრადიციული გულის გადანერგვა შეუძლებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გულის პირველი გადანერგვა 2022 წლის იანვარში, მერილენდის უნივერსიტეტის სამედეიცინო ცენტრში ჩატარდა. ოპერაციის შემდეგ პაციენტმა 2 თვე იცოცხლა.