“ოპოზიცია ხალხს არ აურჩევია იმისთვის, რომ ხელისუფლებას ხელი შეუშალოს” – მიხეილ სარჯველაძე
„ოპოზიცია ხალხს არ აურჩევია იმისთვის, რომ ხელისუფლებას ხელი შეუშალოს, ფეხი დაუდოს იმ გზაზე, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მოპოვება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„მთავარი საკითხი ალბათ დღეს არის ოპოზიციის სახეცვლილი პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება კანდიდატის სტატუსს, რაც უკავშირდება ამ თვალსაზრისით ვისი ღვაწლია, ვისი გულშემატკივრობაა, ვისი პირიქით, წარუმატებლობა იყო გულშემატკივრობის საგანი და ა.შ. ჩავარდა ოპოზიციის ტაქტიტა, რომ ხელი შეეშალათ კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის, ამის შემდეგ შეიცვალეს რიტოტიკა და საუბარი წამოიწყეს იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობა უნდა დააკნინონ. არადა ყველა კარგად ხვდება, რომ არც გადაჭარბება შეიძლება, არც დაკნინება. კანდიდატის სტატუსი სათანადოდ, ჯეროვნად უნდა იქნეს შეფასებული და ამის მიხედვით უბრალოდ ყველამ უნდა ვუგულშემატკივროთ სტატუსის მოპოვებას. თამარ ჩარკვიანი საუბრობდა, რომ ოპოზიციაც ხალხმა აგვირჩიაო, დიახ, არ აურჩევია ოპოზიცია ხალხს იმისთვის, რომ ხელისუფლებას ხელი შეუშალოს. ფეხი დაუდოს იმ გზაზე, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მოპოვება. არჩეული ტაქტიკა, რომელშიც ბოლო ხანებში პრეზიდენტიც აღმოჩნდა ჩათრეული და გულისხმობს, რომ ქვეყნის წარუმატებლობებზე, ხელმოცარულობაზე იყოს აგებული მათი მთავარი სტრატეგია, ეს არ არის არც მოსაწონი და არც შესაწყნარებელი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია ჯანსაღი ოპონირებით უნდა იყოს ქვეყნის საერთო წარმატების თანაავტორი, თანამოზიარე.
„ამის ნაცვლად ვხედავთ, სრულიად განსხვავებულ ტაქტიკას. სხვა შემთხვევაში, რით უნდა აიხსნას. აგერ, ახლახან გამოქვეყნდა ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გლობალური კვლევის შედეგები, რომელიც სამართლის უზენაესობას აფასებს გლობალურად სახელმწიფოებში. გვაქვს არაჩვეულებრივი შედეგები. ამ კვლევის მიხედვით, რომლის მთავარი კრიტერიუმები გახლავთ კორუფციისგან თავისუფლება, ღია მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, სოციალური სამართლიანობა და კიდევ სხვა, მართლწესრიგი და ა.შ. აი ამ კვლევის მიხედვით, სწორედ სამართლის უზენაესობის თვალსაზრისით, საქართველო იუმჯობესებს საკუთარ ადგილს შარშანდელთან შედარებით.
ევროკავშირის სახელმწიფოებზე უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს ზოგიერთ შემთხვევაში. საქართველო, რეგიონის მასშტაბით არის პირველ ადგილზე. დიახ, ჩვენი ქვეყანა რეგიონის მასშტაბით, აღიარებულია ნომერ პირველ ქვეყნად. არავის ოპოზიციის მხრიდან ეს გარემოება არც შეუნიშნავს, არც აღუნიშნავს, არც დაუფასებია. როდესაც ერთ-ერთი ოპოზიციონერი დღეს ამბობს, რომ რეფორმებს თუ შემოიტანთ, მხარს დავუჭერთო, ცოტა ადრე უნდა გახსენებოდათ. როდესაც ირაკლი კობახიძემ გაუკეთა ძალიან კარგი, მე ვიტყოდი ისტორიული შეთავაზება მთელს ოპოზიციას დეპოლარიზაციის მიზნით, რომ სამუშაო ჯგუფებში ყველა დავმსხდარიყავით და ერთად გვეკეთებინა ქვეყნისთვის საკეთილდღეო საქმე, ზურგი აქციეს. არავინ იქ არ შემოვიდა სამუშაოდ. საბედნიეროდ, ექნება ჩვენს ქვეყანას წარმატება, იქნება ეს ამ ხელისუფლების დამსახურება და კოვზი ნაცარში ჩაუვარდა ჩვენი ქვეყნის ოპოზიციას“, – განაცხადა სარჯველაძემ.