გიორგი ჩაკვეტაძე – ოპოზიციას: სპეკულაციები, რომლებიც შეეხება სასკოლო ინფრასტრუქტურას, მგონია, რომ არ არის თქვენი ძლიერი მხარე

„სპეკულაციები, რომლებიც შეეხება ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით სასკოლო ინფრასტრუქტურას, მგონია, რომ არ არის თქვენი ძლიერი მხარე”, – ასე უპასუხა განათლებისა მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ ოპოზიციას.

დეპუტატმა პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებულ მასშტაბურ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც 800 საჯარო სკოლისა და 885 ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას გულისხმობს.

„გვესაუბრებიან ადამიანები, რომლებსაც როგორც ჩანს, არ ახსოვთ რა ხდებოდა წინა წლებში. მაგალითისთვის 2009-2013 წლებში აშენდა და რეაბილიტირდა 16 სკოლა. საუბრობენ დროზე, როდესაც წლების განმავლობაში სკოლა საერთოდ არ შენდებოდა. მეტიც, სკოლებიდან და ბაგა-ბაღებიდან ბავშვები რომ გამოჰყავდათ, რეაბილიტაციის გამო კი არ გამოჰყავდათ, შემდეგ ბავშვები რომ ბრუნდებოდნენ, ამ სკოლებისა და ბაგა-ბაღების ადგილას გახსნილი ხვდებოდათ სხვა დაწესებულებები. ჩვენ უკვე დავიწყეთ 100-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია/მშენებლობა და მხოლოდ გასული ორი წლის განმავლობაში 200-მდე სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა”, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

მისი თქმით, სკოლების და ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია და მშენებლობა ეხება ფაქტობრივად ყველა ოჯახს საქართველოში. მისივე განცხადებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომლებიც მასწავლებლების ხელფასების ზრდასა და დირექტორების დანიშვნის საკითხს ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები