ირაკლი ღარიბაშვილი – რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთის გახსნაზე: ასეთი მასშტაბის, სირთულის პროექტი არ განხორციელებულა ჩვენი ქვეყნის რეალობაში

ჩვენ დღეს საზეიმოდ გავხსენით 27-კილომეტრიანი, 4-ზოლიანი ახალი მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთის გახსნაზე განაცხადა.

“დღევანდელი მდგომარეობით, 261 კმ მაგისტრალი არის გახსნილი, აქედან – 193 კმ მაგისტრალი ჩვენი მთავრობის დროს აშენდა და გაიხსნა. ყველაზე რთული, გამოწვევებით აღსავსე იყო რიკოთის მონაკვეთი, რომელიც მიჩნეული იყო და არის ჯერ კიდევ – ერთ-ერთი ყველაზე რთული და გამომწვევი მონაკვეთი, მაგრამ თქვენ უყურებთ, რომ აშენდა 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალი და, რა თქმა უნდა, გრძელდება ეს პროცესი. ჩვენ დღეს საზეიმოდ გავხსენით 27 კმ-იანი, 4-ზოლიანი ახალი მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ამ ახალი გზის გახსნა გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას და არა მხოლოდ მათ, არამედ – ტურისტებს, მგზავრებს, ყველას, ვინც სარგებლობს ამ გზით. ასევე გადაზიდვები გაცილებით უფრო კომფორტული გახდება, გამტარუნარიანობას გაზრდის ამ მაგისტრალური გზის გახსნა. მე შეგახსენებთ, რომ რიკოთის მაგისტრალური გზა ჯამში იქნება 52 კმ, 97 ხიდი შენდება და 51 გვირაბი. დღეის მდგომარეობით, 48 გვირაბი უკვე გაჭრილია და 83 ხიდი – აშენებული. ეს არის გრანდიოზული სამუშაოები, ყველაზე მასშტაბური პროექტი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მასშტაბის, სირთულის, გადაწყვეტის თვალსაზრისით, არ განხორციელებულა ჩვენი ქვეყნის რეალობაში ასეთი ანალოგიური პროექტი”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები