“ძალიან აქტუალური დისკუსიები იყო, სადაც ნათლად წარმოაჩინა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა ის არსებითი მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს რეგიონში აქვს”, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩიქოვანი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერმინისტრების შეხვედრის ფაქტს.
„ეს ასევე ცხადყოფს, რომ საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს, მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში. ის, რომ ჩვენ ჩვენს რეგიონში სხვა ქვეყნებთან ერთად უნდა ვიზრუნოთ კავკასიის უსაფრთხოებაზე, იყო ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ინიციატივა მხარდაჭერას პოვებს ყველა სხვა სახელმწიფოს მხრიდან“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.
ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერმინისტრები პირველად ერთმანეთს პირისპირ თბილისში შეხვდნენ. აუდიენცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.