ტვირთნაკადის გაზრდა და შუა დერეფნის გაძლიერება – საქართველომ, ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა ახალი ერთობლივი კომპანია დააფუძნეს

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გაძლიერების, კერძოდ ჩინეთს, ევროპასა და თურქეთს შორის გადაზიდვების სტიმულირების მიზნით, საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა ერთობლივი საწარმოს Middle Corridor Multimodal-ის შექმნას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ქვეყნების რკინიგზების ხელმძღვანელებმა სადამფუძნებლო ხელშეკრულება გააფორმეს და ხელი მოაწერეს ახალი კომპანიის წესდებას, რომელიც დამფუძნებლების ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს, საწარმოს შექმნისა და ფუნქციონირების ერთიან მიდგომებსა და პრინციპებს განსაზღვრავს.

„ერთობლივი კომპანიის მიზანი შუა დერეფანში საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის ხელშეწყობაა.

პარტნიორი ქვეყნების რკინიგზები აქტიური მუშაობითა და ღონისძიებებით ახალი ბლოკმატარებელების მოზიდვას გეგმავენ და ტვირთმფლობელებს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურებას სთავაზობენ.

სწრაფი და გამჭვირვალე მომსახურება სრულ მარშრუტზე – ეს არის Middle Corridor Multimodal-ის მთავარი ამოცანა. შეგახსენებთ, რომ ერთობლივი მუშაობა საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანის რკინიგზებსა და კასპიის ზღვის პორტებს შორის 2013 წლიდან მიმდინარეობს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები