ნიკოლოზ სამხარაძე – ანგოლაში გამართულ შეხვედრებზე: ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავზარდოთ იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს მხარს უჭერენ

წელს გაეროში საქართველოს თაობაზე მომზადებულ რეზოლუციას მხარი 100-ზე მეტმა ქვეყანამ დაუჭირა. ბევრი ისეთი იყო, ვინც რეზოლუციას მხარი პირველად დაუჭირა და ეს ქვეყნები სწორედ აფრიკის კონტინენტიდან იყვნენ. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს მხარდაჭერა არ იყოს ერთჯერადი და გაგრძელდეს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ანგოლაში განაცხადა.

მისი თქმით, იმ ქვეყნების წარმომადგენლებმა, რომლებთანაც ქართულმა დელეგაციამ გამართა შეხვედრები დაადასტურეს, რომ მათი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით არ გადაიხედება.

„ამ შეხვედრებზე მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე არ არის საუბარი. საუბარია იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნების რეზოლუციაზე. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ იმ ქვეყნების რაოდენობა მაქსიმალურად გავზარდოთ, რომლებიც საქართველოს მხარს უჭერენ. მათ შეხვედრებზე იმ პრობლემებს ვაცნობთ, რომელსაც საქართველო ოკუპაციის გამო აწყდება. ვცდილობთ, რომ მათი მხრიდან ეს მხარდაჭერა მოვიპოვოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს, როცა გაეროში ჩვენი საკითხი კიდევ ერთხელ დადგება, იმ ქვეყნების რაოდენობა გაზრდილი იქნება, ვინც რეზოლუციას მხარს დაუჭერს.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა რეფორმები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს. ეს არის რეფორმები მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდებაზე, საგადასახადო სისტემაზე, ბიზნესის კეთების სიმარტივეზე. ამ ქვეყნებს ეს ყველაფერი აინტერესებთ და მათგან ბევრი თხოვნაც მივიღეთ, რომ იქნებ ამ მიმართულებით საქართველო განვითარებად სახელმწიფოებს დაეხმაროს იმისთვის, რომ მათ ჩვენი გამოცდილება და წარმატებული რეფორმების შესახებ ცოდნა გავუზიაროთ“, – განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები