“სებ-ის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან რისკებს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გავლენაც დაემატა” – PMCG-ის მკვლევარი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე
PMCG-ის მკვლევარი, ნიკოლოზ კაპანაძე Business Insider Georgia-თან აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 10%-ზე დატოვების შესახებ მოსალოდნელი იყო.
PMCG-ის მკვლევრის შეფასებით, მას ამის თქმის საფუძველს სებ-ის მონეტარული კომიტეტის სექტემბრის თვისა და ახალი დასკვნა აძლევს.
„მონეტარული განაკვეთის უცვლელად, 10%-ზე დატოვების შესახებ სებ-ის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან როცა ეროვნულმა ბანკმა სექტემბერში განაკვეთი 0,25%-ით შეამცირა, ამ გადაწყვეტილებაში გარკვეული სიფრთხილე მაშინაც იგრძნობოდა.
სებ-მა გაითვალისწინა გლობალურად ინფლაციის გაურკვევლობა, ასევე, ფულადი გზავნილების ეფექტი, რომელიც ომიდან გამომდინარე მიგრაციის გამო მაინც დროებითია. ასევე, ძლიერი მოთხოვნის არსებობა, რომელიც ინფლაციაზე დამატებით წნეხს იწვევს. წინა დასკვნაში არსებული ტონი გვაფიქრებინებდა, რომ უფრო ფრთხილ ნაბიჯს აირჩევდა ეროვნული ბანკი, თანაც ამ ფაქტორებს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გავლენა და რისკებიც დაემატა“, – აღნიშნავს ნიკოლოზ კაპანაძე.
ამასთან, მკვლევარი აღნიშნავს, რომ სებ-ის სიფრთხილე გარკვეულწილად გადაჭარბებულია.
„ინფლაცია ინარჩუნებს დაბალ ნიშნულს. მთავარი ფაქტორია ის, რომ სებ-ის უკვე გაცხადებული პოლიტიკა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შერბილების კუთხით, ამ მიმართულებით დაირღვა და ამას შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს შემდგომ მოლოდინებზე. ამდენად, განაკვეთის თუნდაც 0,25%-იანი შემცირება უფრო მეტად მოლოდინებზე იქონიებდა დადებით გავლენას, ვიდრე რისკფაქტორი. თუმცა არ მგონია რომ სებ-ის გადაწყვეტილება პესიმისტურად გარდაიქმნას, რადგან ვფიქრობ, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება გაგრძელდება“, – ამბობს კაპანაძე.
“საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს”, – ნათქვამია სებ-ის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაში.
ეროვნული ბანკის განმარტებით, შედარებით გაზრდილი გაურკვევლობა, ასევე, გაზრდილი დაკრედიტება და საწვავის ფასებზე მზარდი წნეხი ქმნის ვითარებას, რომლის პირობებშიც მიზანშეწონილია, მონეტარული პოლიტიკა უფრო ფრთხილი ნაბიჯებით შემსუბუქდეს.
შეგახსენებთ, რეფინანსირების განაკვეთი 0,25%-ით სებ-მა წინა მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე 13 სექტემბერს შეამცირა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდება.