ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა იური ნოზაძემ და დავით იოსებაშვილმა დაათვალიერეს
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა დაათვალიერეს, – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებითა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) თანადაფინანსებით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა – განახლდა ბორჯომ-ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრის ეზო და განათების სისტემა, ჩატარდა ვიზიტორთა ცენტრისა და ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოები და ცენტრის შენობის ფასადის რეაბილიტაცია.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია საქართველოში, რომელიც ტურისტების სიმრავლით გამოირჩევა. დაცული ტერიტორიების სააგენტო მუდმივად ზრუნავს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განვითარებაზე როგორც ბუნების დაცვის, ისე – ეკოტურისტული მიმართულებით.