ჰადას მეიცადი: ისრაელი ებრძვის ტერორიზმს, მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ საერთაშორისო სამართლის წესების დაცვით
“ისრაელი ებრძვის ტერორიზმს, მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ საერთაშორისო სამართლის წესების დაცვით, ჰამასი კი ამის საპირისპიროს აკეთებს”, – ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში, ჰადას მეიცადიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, რაც ღაზას სექტორში ხდება, ამ ყველაფერზე პასუხი “ჰამასმა” უნდა აგოს.
„გამოწვევა არის ის, რომ მეორე მხარეს გვყავს მტერი, ისლამური სახელმწიფოს მსგავსი ორგანიზაცია, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენი ხალხი დახოცოს. ჰამასი ადამიანების ევაკუაციას ხელს უშლის.
როდესაც ღაზაში ჰუმანიტარულ სიტუაციაზე ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია შევამოწმოთ წყაროები. ჩვენ მაგალითად გვესმის განცხადებები ღაზას ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან. ვინ არის ეს მინისტრი? ვინ აკონტროლებს ღაზას 2007 წლიდან? ჰამასი, ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც 2 კვირის წინ ისრაელში ბავშვები დახოცა. ის სანდო წყაროდ გამოდგება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ღაზაში? ეს აბსურდია. ჩვენ წყალს ღაზას კვლავ ვაწვდით. დაახლოებით 50 ავტომობილი შევიდა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის რაფას გამშვები პუნქტის გავლით. ჰუმანიტარული კრიზისი ღაზაში ჯერ არ არის. როცა ვსაუბრობთ ღაზას სექტორზე, ერთი მოწინააღმდეგეა, რომელიც პასუხი უნდა აგოს ყველაფერ იმაზე, რაც ხდება სექტორში და ეს ჰამასი გახლავთ“, – განაცხადა ელჩმა.