ირაკლი კობახიძე: ძალიან მაღალი ალბათობით, დეკემბერში მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი
“ჩვენი მოლოდინი გაუმჯობესებულია, ოპტიმიზმის მეტი საფუძველი გვაქვს და პრაქტიკულად უკვე მწიფდება გადაწყვეტილება, ჩვენ, ძალიან მაღალი ალბათობით, დეკემბერში მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი”, – ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი კანდიდატის მისაღებად ყველაფერს აკეთებს.
„ჩვენ უკვე წელიწად-ნახევარია, ვაცხადებთ იმას, რომ ოპოზიციას აქვს ერთადერთი მიზანი, როგორმე არ მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. საგულდაგულოდ ცდილობენ, დამალონ ეს ყველაფერი, მაგრამ პერიოდულად აქვთ წამოცდენები იმასთან დაკავშირებით, რომ არ სურთ კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, გუბაზ სანიკიძის ეს განცხადებაც მორიგი წამოცდენაა, რომელიც ამ თემას უკავშირდება. რეალურად, ეს არის სინამდვილე, რაც საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ კანდიდატის სტატუსისთვის. საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა დაფასდება და დეკემბერში მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ჩვენი მოლოდინი გაუმჯობესებულია, ოპტიმიზმის მეტი საფუძველი გვაქვს და პრაქტიკულად უკვე მწიფდება ეს გადაწყვეტილება. თავისთავად, ის ფაქტიც, რომ ვიღაცები ამის თავის თავზე მიწერას ცდილობენ მეტყველებს იმაზე, რომ სწორედ აქეთ მიდის პროცესი. ჩვენ ძალიან მაღალი ალბათობით დეკემბერში მოგვენიჭება სტატუსი“, – აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, გუბაზ სანიკიძემ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის.