“შეიძლება, პრეზიდენტის იმპიჩმენტი კენჭისყრის შედეგად მოხდეს, მე ამის მოლოდინი მაქვს” – მიხეილ სარჯველაძე
“შემიძლია, გახსნილად ვთქვა, ჩვენ ვუშვებთ, რომ შეიძლება, მოხდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი კენჭისყრის შედეგად, მე, პირადად, ამის მოლოდინი მაქვს“, –ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„საკონსტიტუციო სასამართლო თუ დაადასტურებს, რომ კონსტიტუციის დარღვევას ადგილი აქვს, რაც უნდა ოპოზიციურად განწყობილი და რაც უნდა ლოიალურად იყო განწყობილი პრეზიდენტის მიმართ პერსონალურად, რასაკვირველია, საზოგადოებისთვის ძალიან ძნელად ასახსნელი იქნება, რომ მე არ მივეცი ხმა იმპიჩმენტს, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის დარღვევა დადგინდა.
ჩვენი მხრიდან ეს პასუხის გაცემას მოითხოვდა, თუნდაც იმ ნეგატიური ფაქტორის გათვალისწინებით, რომ შეიძლება, ხვალ და ზეგ ვინმემ ჩათვალოს, აგერ საკონსტიტუციო სასამართლომ კი დაადასტურა, მაგრამ ოპოზიციაში თუ გყავს მეგობრები საჭირო რაოდენობის, რომელიც უზრუნველყოფს, რომ უმრავლესობამ ვერ მიიღოს გადაწყვეტილება იმპიჩმენტის შესახებ, ამის შიშით არ ივარგებს, ჩვენ რეაგირების გარეშე დავტოვოთ კონსტიტუციის ნებისმიერი დარღვევა. პირიქით, ჩვენ მკაფიოდ ვაჩვენებთ ამომრჩეველს და, სხვათა შორის, საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომ ჩვენი მხრიდან სამართლის უზენაესობა მნიშვნელოვანი ღირებულებაა და ჩვენ არ შევეგუებით მმართველობის ისეთ პრინციპებს, რომლებიც არათავსებადია საქართველოს კონსტიტუციასთან“, – განაცხადა სარჯველაძემ „პირველი არხის“ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.