ირაკლი ჩიქოვანი: სერგი კაპანაძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელსაც მედასავლეთეს მანტია აქვს მორგებული, არ შეიძლება, აყენებდეს ულტიმატუმებს საკუთარი სახელმწიფოს მიმართ
„სერგი კაპანაძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელსაც მედასავლეთეს მანტია აქვს მორგებული, არ შეიძლება აყენებდეს ულტიმატუმებსა და პირობებს საკუთარი სახელმწიფოს მიმართ. შეუძლებელია, მიხეილ სააკაშვილი ან ნებისმიერი სხვა დამნაშავე, რომელიც სამართლიანად იხდის სასჯელს ციხეში, იყოს წინაპირობა იმისა, რომ ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეებისა და ხელისუფლების ერთმანეთისგან გაყოფა მიუღებელია.
“ასევე, მიუღებელია და სრული ნონსენსია, რომ ერთმანეთისგან გაყო, ხელისუფლება და მოქალაქეები. ხელისუფლება არის მოქალაქეების აზრის გამომხატველი. ჩვენს ხელისუფლებას აქვს მანდატი და ნდობა, რომელიც დაიმსახურა, მათ შორის, ინტეგრაციის გზაზე ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების გამო. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მხოლოდ 12 რეკომენდაცია არ უნდა იყოს იმის საფუძველი, მიიღებს თუ არა ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს. ჩვენმა ქვეყანამ ათწლეულების განმავლობაში დაამტკიცა, რომ მოწინავეა რეფორმების გატარების თვალსაზრისით, სამართლებრივი ჰარმონიზაციის თვალსაზრისით, ევროკავშირთან თანხვედრის უაღრესად მაღალი ხარისხი აქვს და, ასევე, მაღალი შედეგები ნებისმიერ სახელმწიფოსთან შედარებით, რომელიც დღეს კანდიდატის სტატუსით სარგებლობს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, EURACTIV-ში „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებლის, სერგი კაპანაძის ავტორობით სტატია გამოქვეყნდა, სადაც კაპანაძე საუბრობს რამდენიმე პირობაზე, რომელსაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის მიდგომა უნდა დაეყრდნოს.