თენგიზ შარმანაშვილი – ხაჯიშვილის განცხადებაზე: აინშტაინმა თქვა, ორი რამ არის უსასრულო, სამყარო და ადამიანის სისულელე, თუმცა, პირველში ეჭვი მეპარებაო

აინშტაინმა თქვა, ორი რამ არის უსასრულო, სამყარო და ადამიანის სისულელე. იქვე დასძინა, თუმცა პირველში ეჭვი მეპარებაო, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც მმართველი გუნდის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებს ეხმაურება.

„აინშტაინმა თქვა, ორი რამ არის უსასრულო, სამყარო და ადამიანის სისულელე. იქვე დასძინა, თუმცა პირველში ეჭვი მეპარებაო. რატომ გავიხსენე?

ნახეთ ერთი ვინ დაიწყო სერიოზული განხილვა კობახიძის ხუმრობის კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით. თან იმ კანონის, რომელიც ხელმოსაწერად იყო გაგზავნილი პრეზიდენტთან. ასეთი კვალიფიკაციის ხალხი ურჩევს პრეზიდენტს როგორ იმოქმედოს. ვინც სერიოზულად განიხილავდა, იმათი რეესტრი ცალკეა საწარმოებელი. მერე გადარეკეს პრეზიდენტთან და გაარკვიეს, რომ უკვე გაგზავნილი იყო მასთან ირაკლის ხუმრობამდე. ამას, ოღონდ სერიოზულად, ამტკიცებდნენ პრეზიდენტის წარმომადგენლები საკონსტიტუციოში“, – წერს თენგიზ შარმანაშვილი Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისი ნათქვამი გამიზნული ხუმრობა იყო.

მმართველი გუნდის ლიდერის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით ხაჯიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის ინსტიტუტის დისტანცირება და პრეზიდენტის, როგორც საქორწილო გენერლად დატოვება უნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები