მიხეილ სააკაშვილი: რაღაც ძალამ ჩამომიყვანა – ამ ურთულეს დროს ჩემს საქართველოში ყოფნას აქვს თავისი კონკრეტული დატვირთვა და ეს მიზანი ბოლომდეა მისაყვანი

“უნიკალური შესაძლებლობები იხსნება ჩვენ წინაშე და ამ შესაძლებლობების ხელიდან გაშვებას მომავალი თაობები არ გვაპატიებენ”, – ამის შესახებ პატიმარი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, ამ ურთულეს დროს მის საქართველოში ყოფნას აქვს თავისი კონკრეტული დატვირთვა და ეს მიზანი ბოლომდეა მისაყვანი.

“ჩვენ გარშემო მიმდინარეობს ბოროტებისა და სიკეთის დაპირისპირება. აზერბაიჯანმა დააკავა რუბენ ვარდანიანი – რუსი მილიარდერი, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ასევე ე.წ. არცახის საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ბაბაიანი, რომელიც აქტიურად ავითარებდა ყარაბაღის ურთიერთობებს ე.წ. „სამხრეთ ოსეთთან“ და ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკასთან“. დღეს ზემოხსენებულმა ოკუპირებულმა ტერიტორიებმა დაკარგეს პარტნიორები, ვინაიდან ე.წ. „არცახმა“ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა.

ამასობაში, უკრაინელებმა ჯერ მოკლეს 58-ე არმიის მეთაური, გენერალი (ეს ის 58-ე არმიაა, რომელიც 2008-ში შემოიჭრა ჩვენთან) და ამასწინათ, მძიმედ დაჭრეს მისი მეორე მეთაური, ასევე დონბასში გაანადგურეს სამხრეთ ოსური ბატალიონი და ათეულობით აფხაზი. მოკლედ, ყველა ჩვენს საქმეს აკეთებს ჩვენ გარდა. სულ ტყუილად გვგონია, რომ ასე უბილეთოდ გავაგრძელებთ მოგზაურობას დაძრულ გეოპოლიტიკურ მატარებელში და რომელიმე მკვეთრ მოსახვევზე ამ მატარებლიდან არ გადმოვვარდებით.

უნიკალური შესაძლებლობები იხსნება ჩვენ წინაშე და ამ შესაძლებლობების ხელიდან გაშვებას მომავალი თაობები არ გვაპატიებენ. მე ვერ შევძელი უკრაინაში დიდი ომის თარიღების ზუსტი პროგნოზირება, მაგრამ რაღაც ძალამ ჩამომიყვანა საქართველოში, ამავე ძალამ გადამარჩინა 50 დღიანი შიმშილობის და განსაკუთრებით კი მოწამვლის დროს, ეს მარწმუნებს, რომ ამ ურთულეს დროს ჩემს საქართველოში ყოფნას აქვს თავისი კონკრეტული დატვირთვა და ეს მიზანი ბოლომდეა მისაყვანი.

ეს მისია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა და ევროპაში სრული ეროვნული სხეულით შესვლაა”,- წერს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები