მიხეილ დაუშვილი – სუს-ის ინფორმაციაზე: რადგან კონკრეტულ განცხადებას აკეთებენ, საზოგადოებას უნდა აჩვენონ, საიდან გამომდინარეობს ეს ყველაფერი, თუ რაიმე გამოსაძიებელია, უნდა გამოიძიონ 

“მე გამიჭირდება იმის მტკიცება, ეს ყველაფერი ტყუილია თუ არა, მაგრამ რადგან კონკრეტულ განცხადებას აკეთებენ, საზოგადოებას უნდა აჩვენონ საიდან გამომდინარეობს ეს ყველაფერი, თუ რაიმე გამოსაძიებელია, უნდა გამოიძიონ და შესაბამისი პირები, თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, უნდა დაისაჯონ”, –  ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა სუს-ის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საჭიროა კონკრეტული ქმედებები, მოქალაქეებისთვის დამატებით ინფორმაციის მიწოდება, ვინ რას როგორ აპირებს.

“ეს არ უნდა იყოს კიდევ ერთი გამოსვლა, როცა რაღაცას დაგვიანონსებენ და შემდეგ არაფერი მოხდება, ამიტომ თუკი დანაშაული მზადდება ან ჩადენილია, ამას სჭირდება გამოძიება, მაგრამ არა რაღაც ზოგადი საუბრები არამედ კონკრეტული ქმედებები. თუ დანაშაული სახეზეა და არსებობს, ამას უნდა მოჰყვეს დამნაშავეების დასჯა. ვერც ვერაფერს გამოვრიცხავთ და ვერც ვერაფრის მტკიცებას ვერ დავიწყებთ, მეტიც ერთი კვირის წინ ვნახეთ სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც საუბარი იყო მელიაზე, სადაც საუბარი იყო მოდით პირდაპირ ვთქვათ,” ნაციონალურ მოძრაობაზე”, რას აპირებდნენ, როგორ აპირებდნენ და როგორ აკეთებდნენ 2019 წლის 20 ივნისს, ამიტომ როგორ ვთქვა რომ რაიმე გამორიცხულია, მაგრამ როცა ასეთ განცხადებას აკეთებს სუს-ი, ამას სჭირდება კონკრეტული ქმედებები, მოქალაქეებისთვის დამატებით ინფორმაციის მიწოდება, ვინ რას როგორ აპირებს”, – განაცხადა დაუშვილმა.

ცნობისათვის, სუს-ი ავრცელებს ინფორმაციას, სადაც ნათქვამია, რომ “საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები