„რიკოთის მშენებლობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ფინანსდება. ესენია – მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი. ყველა სამშენებლო თუ საზედამხედველო კომპანიის შერჩევა, მათი მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ მოხდა. ყველა შერჩეული კომპანია არის მაღალი კვალიფიკაციის და საერთაშორისო დონის“, – აღნიშნულის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
გიორგი წერეთლის თქმით, რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის რევიზია გააკეთეს საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა. რევიზიის შემდგომი დასკვნა იყო დადებითი. რევიზიის პროცესში მონაწილეობდნენ ბრიტანელი, ავსტრალიელი, იტალიელი, გამოცდილი სპეციალისტები. პროექტის სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიები შეირჩა შესაბამისი წესების დაცვით.
გიორგი წერეთელმა ჩინურ კომპანიებსა და მათ მიმართ წაყენებულ ბრალდებებზეც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ პროექტს ზედამხედველობენ ფრანგული, თურქული და კორეული საზედამხედველო კომპანიები. სამშენებლო სამუშაოებს კი, აწარმოებენ გამოცდილი კომპანიები და არცერთი სამშენებლო კომპანია, ხელშეკრულების გაფორმებისას, არ იყო სანქცირებული.
„2019 წლიდან მიმდინარეობს რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტი, რომლის ფარგლებშიც 97 ხიდი და 51 გვირაბი შენდება და ვერცერთ კონკრეტულ ფაქტს ვერ მოიყვანთ კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით. აღნიშნულ პროექტს ახორციელებენ საერთაშორისო დონის კომპანიები, ასევე, მათ ზედამხედველობენ საერთაშორისო კომპანიები, რომელშიც დასაქმებულები არიან შესაბამისი გამოცდილების მქონე უცხოელი სპეციალისტები. ეს კომპანიები შერჩეულია ღია ტენდერის საფუძველზე, რომელშიც სხვა ქვეყნების კომპანიებიც იღებდნენ მონაწილეობას. გაიმარჯვეს იმ კომპანიებმა, რომლებმაც დააკმაყოფილა დონორ ორგანიზაციებთან შეთანხმებული პირობები. ამ დონორებთან შეთანხმებით გაფორმდა ხელშეკრულებებიც. კიდევ ვიმეორებ, სრული პასუხისმგებლობით, ყველა კომპანია, რომელიც შერჩეულია რიკოთის უღელტეხილზე, კონტრაქტის გაფორმების პერიოდში, არ იყო შავ სიაში“, – განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ.
გიორგი წერეთლის განმარტებით, როგორც შესყიდვის პროცედურები, ისე გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად აუცილებელი კრიტერიუმები შეთანხმებული იყო საერთაშორისო საფინანსო (დონორ) ორგანიზაციებთან. შესაბამისად, აბსურდული და უსაფუძვლოა ყველა ბრალდება, მათ შორის კორუფციულ გარიგებებზე.