გიორგი წერეთელი: რიკოთის ყველა დასრულებული მონაკვეთი იქნება უსაფრთხო – სამუშაოები გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ყველა ფერდის დამუშავება პროექტის შესაბამისად ხდება

„არაერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, თუ მედიასაშუალებამ, შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, კვლავ დაიწყო პროექტისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის დისკრედიტაცია. მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რიკოთის ყველა დასრულებული მონაკვეთი იქნება უსაფრთხო“, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა, შოვის სტიქიის ზონიდან მედიასთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. გარკვეულ მონაკვეთებზე სამუშაოების პროგრესი მაღალია და ეს მონაკვეთები წლის ბოლომდე შევა ექსპლუატაციაში.

„მინდა გამოვეხმაურო რიკოთის თემას. არ მეგონა თუ სტიქიის ზონიდან მომიწევდა აღნიშნული განცხადების გაკეთება, მაგრამ სამწუხაროდ, მიწევს. ბოლო დღეებია ძალიან გააქტიურდა ნეგატიური განცხადებები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების და ადამიანების მხრიდან. მინდა ვთქვა, რომ აღნიშნული განცხადებებით, კვლავ ცდილობენ პროექტის დისკრედიტაციას, მოსახლეობაში შიშის გაჩენას, თითქოს რიკოთის უღელტეხილზე რაღაც ცუდი ხდება“, – აღნიშნა გიორგი წერეთელმა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თქმით, სულ, რიკოთის მონაკვეთზე 77 ფერდია, რომელსაც უკეთდება პროექტით განსაზღვრული შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები. რიკოთის პროექტის ფარგლებში, პროექტის დაწყებიდან, სულ 6000 მ სიგრძის გეოლოგიური ბურღი გაკეთდა. ჩატარდა არაერთი გეოტექნიკური, გეოფიზიკური და სეისმური კვლევები და ამ კვლევების საფუძველზე იქნა მიღებული რიკოთის უღელტეხილის საპროექტო გადაწყვეტილება.

„რაც შეეხება ფერდებს, ეს არის სამუშაო პროცესი და ის მოვლენები, რომლებსაც ჰქონდა ადგილი, იყო  სამუშაო პროცესის ნაწილი. სამწუხაროდ, ყველა კადრი, რომელიც  ვრცელდება ამა თუ იმ ტელევიზიით, არის ძველი, თვეების წინ გადაღებული და თუ დღეს ჩახვალთ რიკოთის უღელტეხილზე, ნახავთ სულ სხვა სურათს და სხვა მდგომარეობას. ყველა ფერდი, რომელიც რიკოთზე იყო, დამუშავდება პროექტის შესაბამისად და იქნება უსაფრთხო. ამ მონაკვეთებზე  გადაადგილება იქნება უსაფრთხო“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები