ყველა გადაუდებელი ამოცანა, რაც იყო შესასრულებელი, გუშინ სამაშველო სამსახურებმა შეასრულეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სამაშველო ვერტმფრენების შეძენის საკითხზე სპეკულირება არ შეიძლება.
„ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება სპეკულირება. ყველა გადაუდებელი ამოცანა, რაც იყო შესასრულებელი, გუშინ სამაშველო სამსახურებმა შეასრულეს. ღამე ვინაიდან ფრენები არ ხორციელდება, ადამიანები უსაფრთხოდ იყვნენ იმ ტერიტორიაზე და დილიდანვე გადაიყვანეს. არ არსებობდა გუშინ რაიმე ისეთი სამაშველო ღონისძიება, რომლის ჩატარებაც ჩვენმა სამაშველო სამსახურებმა ვერ შეძლეს. ეს არის მთავარი, ასე უნდა შევხედოთ. იცით, რომ ვერტმფრენებთან დაკავშირებით ხელშეკრულება დადებულია, შეძენილია და მოხდება მოწოდება. ამ პარალელის გავლება აქ უადგილოა, რადგან არ არსებობდა გუშინ სამაშველო ხასიათის რაიმე ამოცანა, რომელიც ვერ შესრულდა. ის ადამიანები, რომლებიც გუშინ დღის განმავლობაში იპოვეს, მათთვის უზრუნველყოფილი იყო ყველაფერი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში თავდაცვის ძალების ჩართვასთან დაკავშირებით.
„მნიშვნელოვანია, რომ ის ადგილები, რომლებიც დაფარულია მიწის მასით, მოხდეს გაწმენდა, რაშიც ჩაერთვება ჩვენი ჯარი. მაშველებს რაც შეეხება, იცით, რომ 400 მაშველია ჩართული. საერთო შეფასებით შეიძლება იმის თქმა, რომ მაქსიმალურად მობილიზებულია სამაშველო სამსახური. ტექნიკა არის სრულად მობილიზებული და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის. მიმდინარეობს მუშაობა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პროფესიონალებს ვაცალოთ მუშაობა, არ არის ახლა პოლიტიკური კომენტარების დრო.
„ჩემთვის პირადად ძალიან მძიმე სანახავი იყო. კურორტ შოვიდან, რომელიც ჩვენ გვახსოვს, სამწუხაროდ, აღარაფერია დარჩენილი, მთლიანად მიწის მასით არის დაფარული. რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს, ტექნიკა სრულად არის მობილიზებული და ეტაპობრივად მოხერხდება როგორც ხიდის გაკეთება, ასევე გზის მოწყობა, რათა პირველ რიგში, სამაშველო სამსახურებმა იმოძრაონ ამ გზაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.