“ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებას წაახალისებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ფრანკლინის კლუბთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნისთვის პოლარიზაციის დასრულება მნიშვნელოვანია.
„ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს გამოძიება. ბუნებრივია, საჭიროა ყველა ასეთი ფაქტის გამოძიება. რა თქმა უნდა, ყველა ასეთი ფაქტი არის არასწორი, მიუღებელია და ბუნებრივია, ამას სჭირდება გამოძიება. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ასეთი საკითხების გამოძიება. ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის მთავარია, დასრულდეს პოლარიზაცია, შემცირდეს რადიკალიზმის ხარისხი. არიან კონკრეტული ძალები, რომლებიც პირდაპირ, ხელოვნურად ცდილობენ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების პოლარიზებას. რადიკალიზმის შემოტანას და, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ძალადობაში გადადის ხოლმე. ეს არის ძალიან ცუდი. მე ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებას წაახალისებს“, – განაცხადა კობახიძემ.