შალვა პაპუაშვილი: საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკას და საპარლამენტო დიპლომატიას მოაქვს შედეგი
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გაეროს მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა.
“საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკას და საპარლამენტო დიპლომატიას მოაქვს შედეგი და განამტკიცებს სამართლებრივ საფუძველს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იძულებით გადაადგილებული პირების მშვიდობიანი და ღირსეული დაბრუნებისთვის. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აქამდე ყველაზე მეტი, 100 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. მადლობას ვუხდი რეზოლუციის ყველა მხარდამჭერს, ასევე, მათ, ვინც რეზოლუციის წინააღმდეგ არ წავიდა“, – წერს პაპუაშვილი “ტვიტერზე”.
ცნობისთვის, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 77-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია – „აფხაზეთიდან/(საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/(სამხრეთი ოსეთი, საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას 100-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. საქართველო რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეას 2008 წლიდან წარუდგენს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს; ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.