„საინტერესო გამოდგა ჩემი ახალი ,,ჰობი”, რომელმაც გამილამაზა ცხოვრება და დამავიწყა ავადმყოფობაზე ფიქრი“ – თვითნასწავლი ხელოვანი, მოულოდნელად დაწყებული ხატვა და „ვარდისფერი ოქტომბრის“ იმედიანი ფერები

დაამთავრ თბილისის 143-ე საშუალო  კოლა, იმავე წელს ჩაირიცხ აკობ გოგებაშილის პედაგოგიურ სასწავლებელში. მისი დამთავრების შემდეგ კი პუშკინის პედაგოგიურ ინსტიტუტში.  საბავშვო ბაღებში აღმზრდელად მუშაობის 21წლიანი სტაჟი აქვს. 90-იან წლებში წამოვიდა  სამსახურიდან. ამბობს, რომ როგორც მთელს ქვეყანას, ისე მის ოჯახსაც გაუჭირდა და ოჯახის გადასარჩენად სხვადასხვა სამუშაოს ძებნა და შესრულება მოუწია. „ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული და მტკივნეული წლებია“.
2017 წლიდან კი მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა ონკოდაავადებამ. სასწრაფოდ გაიკეთ ოპერაცია, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ სხვადასხვა დაავადებმ იჩინ თავი, გაწევრიანდა  ონკოპაციენტი ქალბატონების ,,გამარჯვებულ ქალთა კლუბში” და მათთან ერთად ბევრ იტერესო და სასარგებლო საქმეს ეწეოდ, ეხმარებოდნენ ონკოპაციენტ ქალბატონებს, გადაცემდნენ ძუძუს პროთეზებს, რომლებსაც საკუთარი ხელით  ქსოვდნენ,  მაშინ დაიბადა იდეა,  ეკეთებინა ის საქმე, რაც მისი ბავშვობის ოცნება იყო, ხელი კოვიდმაც შეწყო და 2020 წელს  დაიწყხატვა
იქიდან მოყოლებული, მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენში, როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში. ჯილდოებიც მიიღო.
25 ივნისს თელავის მუზეუმში დაგეგმილ  გამოფენაზე წარდგება.
საკმაოდ საინტერესო გამოდგა ჩემი ახალი ,,ჰობი”, რომელმაც გამილამაზა ცხოვრება და დამავიწყა ავადმყოფობაზე  ფიქრი. – ნინო ზარიძე-მაღრაძის პერსონა.

– ხარაგაულის რაიონში  ერთი ულამაზესი სოფელია მარელისი, შიგ ბორჯომ- ხარაგაულის ტყე პარკში , საოცრად ლამაზია როგორც  ბუნებით, ისე მოსახლეობით, ძალიან მიყვარს იქ ჩასვლა, ისეთი თბილი ხალხი ცხოვრობს,  არა მგონია, სხვაგან იგრძნო ადამიანმა ისეთი სითბო და სიყვარული.
იქიდან გამოყოლილი, სითბო დადებითად განგაწყობს და დიდხანს მომყვება, ხშირად მითქვამს, როცა ამ სოფლის ტყეებით დაფარულ უზარმაზარ მთებს გავყურებ, როგორ შეიძლება ამ ბუნების შემყურეს ხატვა   ან  ლექსის წერა არ მოგინდეს-მეთქი. ეს სურვილი დიდი ხანია მეც გამიჩნდა, მაგრამ  ვერასოდეს ვიცლიდი, რომ დრო დამეთმო ჩემი თავისთვის და მეკეთებინა ის საქმე, რაც ძალიან მინდოდა.
– დაამთავრეთ აკობ გოგებაშილის პედაგოგიურ სასწავლებელი. შემდეგ სწავლობდით პუშკინის პედაგოგიურ ინსტიტუტში…  საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდით…
– 1974 წელს დავამთავრე თბილისის 143-ე საშუალო  სკოლა, იმავე წელს ჩავირიცხე  იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიურ სასწავლებელში. მისი დამთავრების შემდეგ კი – პუშკინის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელიც  აღარ დამიმთავრებია, სამწუხაროდ (რასაც ძალიან მტკივნეულად განვიცდი).
ვმუშაობდი თბილისის 131-ე და ბოლოს 143-ე საბავშვო  ბაღში აღმზრდელად, მაქვს მუშაობის 21-წლიანი სტაჟი.
90-იან წლებში წამოვედი ამ სამსახურიდან, რადგან, როგორც მთელს ქვეყანას ისე ჩემს ოჯახსაც გაუჭირდა და მომიწია ოჯახის გადასარჩენად სხვადასხვა სამუშაოს ძებნა. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული და მტკივნეული წლებია.
– 90-იანი წლების გაჭირვება და მძიმე დღეები  გამოიარეთ…
– იმ ავად სახსენებელ წლებში, როცა ბავშვები ჯერ კიდევ პატარები მყავდნენ, მათი ქუჩაში გაშვების მეშინოდა. ამიტომ მეზობლის ბავშვებს, ჩემი შვილების მეგობრებს, ვთხოვდი, ჩვენთან, სახლში, შეკრებილიყვნენ და ეთამაშათ, ერთს დედა ემიგრაციაში ჰყავდა  და ვაძლევდი წიგნებს წასაკითხად,  რომ მერე ერთმანეთისთვის მოეყოლათ, ასევე ვატარებდით პოეზიის საღამოებს, ხან ეზოში ვმუშაობდით ერთად, მერე კი ეზოს ხილს მიირთმევდნენ. მათაც მოსწონდათ ასეთი შეკრებები.
მაშინ კინო, თეატრი და  გასართობი არაფერი იყო, ვუთხარი ორ მეზობელ ქალბატონს, წამომყოლოდნენ და მთაწმინდის პანთეონში ავიყვანეთ ბავშვები, ბარათაშვილის საფლავთან ხალხი იყო შეკრებილი, თურმე ბარათაშვილების გვარის დღეობა ყოფილა. მათ გამოეყო ერთი საშუალო ასაკის მამაკაცი მეზღვაურის ფორმით, მოგვიახლოვდა და გაგვეცნო მწერალი ვახტანგ ბარათაშვილი, გამიხარდა, წაკითხული მქონდა მისი რომანი „ჰავაის ბულბული”. მასაც გაუხარდა, გვკითხა, რომელი სკოლიდან ვიყავით. რომ ვუთხარი,  ეს ბავშვები სამეზობლოა, ჩემი შვილების მეგობრები არიან და აქ ექსკურსია მოვაწყეთ-მეთქი, გაოცებულმა თქვა, ასეთი  რამ არასოდეს გამიგიაო. შემაქო. რა თქმა უნდა,  გამიხარდა, მთაწმინდიდან ეს ბავშვები მერე მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში შევიყვანე და დავათვალიერებინე, გავაცანი ქალბატონი ოლღა კოსტავა-დემურია, რომელმაც მერაბის ცხოვრებიდან საინტერესო ეპიზოდები მოგვიყვა, იმ დროს არც კაფე იყო და არც არაფერი, ბავშვებს  ცხელი შოთის პური ვუყიდეთ და ქუჩაშივე გემრიელად მიირთვეს.
დღეს ამ გოგო-ბიჭებს –  ყველას უკვე ოჯახები აქვთ  და მიხარია, როცა ამ ამბავს იხსენებენ და  მეუბნებიან, განსაკუთრებით ბიჭები: ნინო დეიდა, ჩვენ თქვენს სახლში გავიზარდეთ და ქუჩას  რომ ავცდით, ამაში დიდი წვლილი მიგიძღვითო.
კიდევ გავიხსენებ ერთ ამბავს – ბავშვები ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, რომ ვისწავლე ტორტების ცხობა, საკმაოდ კარგად გამომდიოდა გაფორმება, ნათესავების და ახლობლების ქორწილებსა  და ნათლობებში ვაკეთებდი და დიდი მოწონებით სარგებლობდა ჩემი ტორტები. იმ გაჭირვების წლებშიც კარგად გამომადგა. ვიღებდი შეკვეთებს, ვაცხობდი და ამით რამდენიმე ხანს გავიტანეთ თავი…
– იმ წლებიდან საინტერესოდ დაგრჩათ  მოგონება, როგორ მიხვედით ეკლესიაში…  და მერე ლოცვაც კი დაწერეთ…
– 90-იან წლებში, როცა არეულობა დაიწყო, ერთ-ერთი ჩემი აღსაზრდელის მშობელი იყო მოძღვარი  ტვერელის ეკლესიაში, რუსთაველზე. მანამდე მე, როგორც კომუნისტურ წყობაში გაზრდილმა, არაფერი ვიცოდი, თუ როგორ და რა უნდა მეკეთებინა, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანობას ვზიარებოდი.  მისი მეუღლის დახმარებით დავიწყე და გავეცანი საეკლესიო ცხოვრებას, დავიწყე წირვასა და ლოცვებზე სიარული, ვლოცულობდი სახლშიც. ამ ყველაფერმა ის გაჭირვების წლები თითქოს ადვილად გადამატანინა, ჩემს მშობლებსაც მამა კონსტანტინემ აუგო წესი, მერე ისიც გარდაიცვალა, ბევრმა მირჩია,  სხვა მოძღვარი მენახა,  მაგრამ ვეღარ შევძელი…
ლოცვებს დღემდე ვაგრძელებ, ყოველდღიურად, და ამ ლოცვების დროს ჩემი სიტყვებით შევთხოვ წმინდა ნიკოლოზს, იმდენად ხშირად, რომ ლოცვა დავწერე.  როცა მიჭირს, ვიცი, რომ   ჩემს ამ  ლოცვას ყოველთვის ისმენს წმინდა ნიკოლოზი და მფარველობს. სხვა ლოცვებს  ყოველ ღამე  ვკითხულობ, მადლობა და დიდება უფალს ყველაფრისათვის.
–  ერთხანს პოლიტიკაშიც აქტიურად იყავით ჩართული.  თუმცა შემდეგ დედის ავადმყოფობის გამო აღარ გააგრძელეთ ეს გზა…  ოჯახი თავისას ითხოვდა…
– 2003 წლიდან აქტიურად ჩავები პოლიტიკურ საქმიანობაში, პარტია „კონსერვატორების” თავმჯდომარე  იყო ბატონი ზვიად ძიძიგური მე დავინიშნე ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ, საკმაოდ ძლიერი ორგანიზაციაც მქონდა, 2006 წელს ადგილობრივ არჩევნებშიც კი მივიღე  მონაწილეობა, სამწუხაროდ, „ნაციონალებს“ ვერ ვაჯობე, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს – კი, ზვიადმა  მაშინ სიგელით დამაჯილდოვა კიდეც.
მერე დედის ავადმყოფობის გამო დავტოვე პოლიტიკური საქმიანობა. გარკვეული წლები ოჯახს მივუძღვენი.
– თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა ერთმა მოულოდნელმა შემთხვევამ –  ონკოპაციენტი გახდით…
– ერთ ზაფხულს (2017 წელი)  მე და ჩემი  მეუღლე სოფელში ვისვენებდით, აგვისტო იყო  და უკან, ბეჭის არეში, მარცხენა მხარეს, შემაწუხებელი ტკივილი ვიგრძენი, ისეთი, რომ დღეც და ღამეც საშინელ დისკომფორტს მიქმნიდა. რაღაც უჩვეულო ტკივილი იყო და შევშინდი, სექტემბერში რომ ჩამოვედით თბილისში, მივედი კარდიოლოგთან, რადგან გულის მხარე იყო და გამოვიკვლიე. საბედნიეროდ, გული გამოირიცხა. შემდეგ სკრინინგ-ცენტრში  მივედი და ეჭვი შეიტანეს, ხელმეორე გამოკვლევაზე დამიბარეს. ექოსკოპიის მონიტორზე გამოჩნდა   პატარა შავი, ლაქასავით.  მაშინვე მამოლოგი შემოიყვანეს და ბიოფსიის გაკეთება შემომთავაზეს.
პასუხის მოსვლის დღეს უკვე ვიყავი კლინიკა  „კონსილიუმ მედულაში”, ექიმ-მამოლოგ სოსო სანიკიძესთან, დიაგნოზი – ავთვისებიანი კარცინომა.
13 ოქტომბერს ჩაინიშნა ოპერაცია, უფლის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დათესეს და პირველი სტადია აღმოჩნდა, შემდეგ ონკოთერაპევტთან გადამამისამართეს, დამინიშნეს სხივური და ჰორმონოთერაპია.
ვფიქრობ, კიბოზე გავიმარჯვე, მაგრამ  შიში მაინც დამრჩა. დავდივარ შემოწმებებზე და  რეგულარულად ვიკონტროლებ თავს, რომ რაიმე არ გამომეპაროს, იმედია, საბოლოოდ გავიმარჯვებ და  ამ ვერაგ დაავადებას დავამარცხებ.
– „გამარჯვებულ ქალთა კლუბის” წევრი ხართ. აქტიურად მონაწილეობთ სხვადასხვა ღონისძიებაში. პირველი გამოფენაც გქონდათ…
– ამის მერე,  მეგობრის რჩევით,  გავხდი „გამარჯვებულ ქალთა კლუბის” წევრი, რომელიც ქალბატონმა  თინა ბერუჩაშვილმა დააარსა. კლუბში გაწევრიანებულნი არიან ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალბატონები. კლუბის წევრებისათვის ტარდება საინტერესო  შეხვედრები ექიმებთან,  ეს კლუბი ასევე საქართველოს ბევრ რეგიონში ფუნქციონირებს, მეც მომიწია ჩასვლა ლანჩხუთის რაიონში და სურამში, შევხვდით  ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალბატონებს და გადავეცით სპეციალური აზღუდები, ჩვენივე კლუბის წევრი ქალბატონების მიერ ხელით ნაქსოვი ძუძუს პროთეზები, დავესწარით ღონისძიებას ადგილობრივი ქალბატონების მონაწილეობით.
მსგავსი ღონისძიებები ტარდება სხვადასხვა რეგიონში, საორგანიზაციო საქმეებს აგვარებენ კლუბის  საბჭოს წევრი აქტიური ქალბატონები,  გვყავს  ფსიქოლოგებიც, რომლებიც ცდილობენ უყურადღებოდ არ დატოვონ თითოეული ყოფილი პაციენტი, გაამხნევონ ისინი, კონსულტაციებს გვიტარებენ სხვადასხვა კლინიკიდან მოწვეული ექიმი ონკოლოგები, ხშირი მასპინძელია ჩვენი კლუბისათვის კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრი.  დავდიოდით ასევე:  ცურვაზე, ცეკვაზე, არტთერაპიაზე, საიდანაც გამიჩნდა იდეა, რომ დამეწყო ხატვა და ახალი ცხოვრება დამეწყო.
ვარ ა(ა)იპ ,,საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ჯანმრთელი მომავლის ელჩი. კამპანიის ფარგლებში აქტიურად ვეწეოდი კიბოს სკრინინგის მნიშვნელობის პოპულარიზაციას საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, როგორც სატელევიზიო, ასევე რადიოგადაცემებში მონაწილეობის გზით, ამავდროულად,  ჩაბმული ვიყავი კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებსა და ღონისძიებებში.
კიბოს სკრინინგის ეროვნული კამპანიის ფარგლებში საპარლამენტო  ბიბლიოთეკის დარბაზში ჩემი ნახატების  პერსონალური გამოფენა გაიმართა,  მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ „გამარჯვებულ ქალთა კლუბის” წევრები და ხელმძღვანელი თინათინ ბერუჩაშვილი. გამოფენამ ძალიან ლამაზად და საინტერესოდ ჩაიარა.
– ონკოდაავადების აღმოჩენის შემდეგ სულ სხვა ცხოვრება დაიწყო თქვენთვის… შემდეგ ამ ყველაფერს კოვიდპანდემიაც დაერთო  და ხატვა დაიწყეთ…
– 2020 წლის თებერვალში ჩავფრინდი ავსტრიაში, ვენაში,  შვილთან  (იქ ცხოვრობს ოჯახით) ზუსტად იქ ყოფნის დროს მარტში  დაიწყო კოვიდი, კოვიდმა რა შიში და სტრესიც გამოიწვია,  ეს ყველამ იცის, არც მე გახლდით გამონაკლისი.  აცხადებდნენ, რომ პირველ რიგში რისკის ქვეშ არიან 60 წელს გადაცილებული ადამიანები და ონკოპაციენტებიო, არადა, ორივე მესადაგებოდა. არ ვიცოდი, რა მექნა, გული სახლისკენ მიწევდა, მაგრამ ფრენები შეწყდა.
მერე საკონსულოს ჩარევით სპეცრეისით გადმოვფრინდი  მაისში. გადმოფრენის წინ წინასწარ ვიცოდი, რომ  14 დღე  კარანტინში უნდა ვყოფილიყავი.  წარმოვიდგინე, მარტო რა გამაძლებინებდა სასტუმროში ამდენ ხანს და შვილს ვთხოვე, ფერადი ფანქრები და სახატავი ფურცლები ჩაედო ჩემთვის ჩანთაში, რომ ხატვით მაინც შემეყოლიებინა თავი.
აეროპორტში ერთი კარგი თანამგზავრი გოგონა გავიცანი, მხატვარი აღმოჩნდა – ნინი ზუმბურიძე, გავუმხილე გულისნადები და მითხრა – ნინო დეიდა, ჩვენ სხვადასხვა ოთახში ვიქნებით და ტელეფონით გაგიწევთ კონსულტაციასო.
რაც დავხატე, მოეწონა და შემაქო:  ყოჩაღ, ნინო დეიდა, თქვენ ხატავთ, გააგრძელეთ და თავი არ დაანებოთო.
ეს იყო ჩემთვის  სიხარული და სტიმული იმისა, რომ გამეგრძელებინა ხატვა.   მადლობელი ვარ ნინის,  თითქმის ყოველდღე ვვარჯიშობდი და ნინი მაძლევდა პატარ-პატარა რჩევებს, ოჯახის წევრებს და ჩემს მეგობრებს იქიდან ონლაინ ვანახვებდი ჩემს ნახატებს, რაც იქ ყოფნის დროს მოვასწარი და ყველანი გაოცებულები იყვნენ.
მეც მიხაროდა, 16 დღე მომიწია იქ ყოფნა. სახლში რომ მოვედი,  მალევე წავედით სოფელში მე და ჩემი  მეუღლე, ხატვა იქაც გავაგრძელე გრაფიკაში, დავხატე ჩემი შვილი, შვილიშვილები და სხვადასხვა საგანი, ძალიან მინდოდა მესწავლა  საღბავებით ხატვის ტექნიკა, ერთხელაც ფეისბუქში წავაწყდი მხატვარ მანჩო გოგოჭურის განცხადებას, რომ იწვევდა მის სტუდიაში ხატვის მოყვარულებს. ასაკი შეზღუდული არ არისო, მივწერე თუ შეიძლება, 63 წლის ვარ და მოვიდე თქვენთან-მეთქი, რა თქმა უნდა. დამთანხმდა.
სოფლიდან რომ  ჩამოვედი, მივედი და მივიტანე ჩემი  ნახატები და მითხრა: –  თქვენ ხატავთ და მე რა გასწავლოო. გამიხარდა, რომ მოეწონა და ვუთხარი, რომ მე საღებავებით არასოდეს დამიხატავს  ისიც არ ვიცი, როგორი ფუნჯი ან საღებავები ვიყიდო და როგორ გამოვიყენო-მეთქი. მანჩოსთან 6 თვეს ვიარე. ყოველთვის მიქებდა ნამუშევარს, ამჟამად დამოუკიდებლად ვმუშაობ, ორჯერ მანჩოს მოსწავლეების გამოფენა მოეწყო და იქ მივიღე მონაწილეობა, მერე უკვე სხვადასხვა გამოფენაშიც ვმონაწილეობდი.
ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების ფერადი დღეები, ხატვა ჩემი ცხოვრების  განუყრელი ნაწილი გახდა, მაქვს ერთი  პატარა ოთახი ჩემთვის – სახელოსნო, იქ რომ შევდივარ და ვხატავ,  არანაირი პრობლემა აღარ მახსოვს.  გული ერთ რამეზე მწყდება, რომ გვიან დავიწყე ხატვა და ახლა მინდა რაც შეიძლება ბევრი ნახატის დახატვა მოვასწრო, ზოგს ვყიდი,ზოგს იმ ადამიანებს ვჩუქნი, ვინც ჩემთვის ძვირფასია, ვინც  შეხედავს და  გამიხსენებს სიყვარულით, ვინც იცის ნახატის ფასი, თუ რა დიდი შრომა და სიყვარულია თითოეულ მათგანში ჩადებული.
კოვიდპანდემიის დაწყებიდან მოყოლებული ორი წლის განმავლობაში ყოველდღე ვწერდი დღიურებს და პატარ-პატარა ჩანახატებს. ხატვა რომ დავიწყე, უკვე მაგის დრო აღარ მქონდა და თავი დავანებე.
შარშან აგვისტოს თვეში ჩემი ოთხი ნახატი საჩუქრად გადავეცი ახალქალაქის რაიონის  სოფელ კოთელიის სკოლას, ჩემი მამიდაშვილის თამაზ მელიქიძის სახელს ატარებს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპა.

კოთელიის სკოლაში

–  მონაწილეობთ სხვადასხვა გამოფენაში…  მათ შორის საერთაშორისო გამოფენებშიც…
–  2022 წლის მაისში გამოფენა მქონდა  ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სადაც რამდენიმე ნახატიც კი გავყიდე, 2022 წლის 30 ივლისს  თბილისიში „ფირტ ვიშ არტ გალერის” მიერ საერთაშორისო გამოფენა გაიმართა, სადაც  უცხოეთის ცხრა  ქვეყნიდან იყვნენ მხატვრები  ჩამოსული.  რა თქმა უნდა  – ქართველი მხატვრებიც, ამ გამოფენაზე მქონდა წარმოდგენილი ორი ნახატი, აქედან ერთ-ერთმა ნახატმა საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა, გაიმარჯვა და პირველი პრიზიც დაიმსახურა. ჯილდოდ გადმომეცა ევროპის რომელიმე ქვეყანაში უფასო მგზავრობა, სადაც  ეს სამხატვრო გალერეა გამოფენას ჩაატარებს  და მივიღებ მონაწილეობას. დაგეგმილია იტალიაში, რომის ერთ-ერთ მუზეუმში და ვაპირებ  მონაწილეობას.
ორჯერ მივიღე მონაწილეობა მ. გოგოჭურის მოსწავლეების გამოფენაში, სხვადასხვა ქვეყნის ონლაინკონკურსებში. 2023 წლის იანვარში ჩატარდა „ფირსტ ვიშ არტ გალერის” კიდევ ერთი საერთაშორისო გამოფენა და იქაც მივიღე მონაწილეობა, იმავე თვეში ქართველ მხატვართა გამოფენაშიც ვმონაწილეობდი, წელს,  17, 18, 19  მაისს, ქართველ მხატვართა გამოფენაზე  ჩემი ნახატით წარვდექი.
კიდევ ერთ კონკურსში  ვმონაწილეობ  ჩემი საავტორო ნახატით, ხოლო  25 ივნისს თელავის მუზეუმში დაგეგმილია გამოფენა და იქაც მივდივარ ჩემი ერთი ნახატით.
საკმაოდ საინტერესო გამოდგა ჩემი ახალი „ჰობი”, რომელმაც გამილამაზა ცხოვრება და დამავიწყა ავადმყოფობაზე ფიქრი, მაგრამ ამ ყველა  ჩამონათვალს, რომელიც მაბედნიერებს, ნამდვილად   აჯობა იმ ერთმა წიგნმა ,,ჩემი უკრაინა” , რომელიც თქვენი და ქალბატონ გულიკოს ხელმძღვანელობით გამოიცა, სადაც ჩემი საავტორო ნახატია შესული. ალბათ არასოდეს მქონია ის განცდა ხატვის დროს, რასაც მე მაშინ განვიცდიდი, ეს იყო უკრაინის ომის დაწყებიდან სამი უძილო ღამის შემდეგ  დახატული ნახატი, რომელშიც მთელი ჩემი განცდა და ემოცია ჩავდე, ზოგადად, აბსტრაქციის ხატვა არ მიყვარს, მაგრამ ეს თავისთავად გამომივიდა. მადლობა თქვენ, რომ ეს ბედნიერება მომანიჭეთ და ჩემი ნახატი ამ წიგნში შევიდა. ეს ჩემთვის შეუფასებელია.
– რომელიმე ნახატის შექმნის საინტერესო ამბავი გვიამბეთ…
–  „ვარდისფერი ოქტომბერი” ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალთა  თვედ ითვლება.
ერთხელ, ქალბატონ თინათინ ბერუჩაშვილის თხოვნით, ჩვენმა მეგობარმა დამირეკა და მთხოვა, იქნებ რაიმე დაგვიხატო „ვარდისფერი ოქტომბრის” სიმბოლოდ ან ვარდისფერი ვარდები ან სულაც ბუშტები ან სხვა რაიმე, რაც „ვარდისფერ ოქტომბერს” მიესადაგებაო.
რა თქმა უნდა, დავთანხმდი, რომ რამეს მოვიფიქრებდი და აუცილებლად დავხატავდი, უარს როგორ ვეტყოდი ჩემს გოგონებს. ბუშტების და ყვავილების იდეა ძალიან უბრალოა და სხვა რამეს მოვიფიქრებ-მეთქი, საღამოს რომ დავწექი, ფიქრებმა გამიტაცა და უცბად  ჩემი გადატანილი განცდები წარმომიდგა თვალწინ.  ვიფიქრე, ეს ხომ ყველა იმ ქალის განცდაა, ვინც ეს დაავადება გადაიტანა-მეთქი.
ვეღარ დავიძინე და დავიწყე ხატვა, დილით უკვე ნახატი მზად მქონდა, ტილოზე ფონად ფერად-ფერადი ცოცხალი ფერის საღებავებია, რაც ფერადი და ლამაზი სიცოცხლეა ჩემს წარმოსახვაში, მაგრამ მერე ზედ დავახატე ქალი, რომელიც იგებს რა თავისი დაავადების შესახებ, მისთვის არაფერი აღარ არის ფერადი და საინტერესო.
ქალს, რომელსაც აცვია შავი კაბა და თავზე ახურავს თვალებზე ჩამოფარებული შავი ქუდი, არავისი და არაფრის დანახვა აღარ უნდა, მაგრამ იმარჯვებს, ამარცხებს დაავადებას და მის ყელზე ჩნდება ვარდისფერი მძივი, ტუჩებზე – ვარდისფერი ტუჩსაცხი და ქუდზე კი – ვარდისფერი ლენტი.
დილით ვაჩვენე ჩემს გოგოებს, ძალიან მოეწონათ. რამდენიმე კვირის შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტში ჩატარდა კონფერენცია, ესეც ძუძუს კიბოს პრევენციასთან დაკავშირებით და იქ სხვა ხელნაკეთ ნამუშევრებთან ერთად ჩემი ეს ნახატიც გამოფინეს, რომელმაც ყველას მოწონება დაიმსახურა.
–  უკრაინის თემა…  როგორ დაიხატა ის ნამუშევარი, კრებულში რომ შევიდა?
– უკრაინის თემაზე შესრულებულ ნახატიც, ანალოგიურად, ემოციის დიდ ფონზე შეიქმნა. სამი დღის დაწყებული იყო ომი, ეს იმდენად მოულოდნელი იყო ყველასთვის, რომ არ მეგულება ადამიანი,  ვინც ეს არ განიცადა, მათ შორის მეც.  დღე და ღამე ტელევიზორს მივჩერებოდით, რომ რაიმე ახალი გაგვეგო, შოკში ვიყავი, ემოციებს ვერ ვთოკავდი, ვნერვიულობდი, რომ უმოწყალოდ იბომბებოდა ქალაქები, თან ჩვენს ბედზეც ვჩიოდი, რომ ჩვენ რაც გამოვიარეთ, კიდევ ხომ არ გამეორდებოდა აქაც.
ღამე ვეღარ ვიძინებდი, ავდექი,  შევედი სახელოსნოში, ერთი სუფთა ტილო მქონდა, ავიღე, დავდე მოლბერტზე, ავიღე „მასტეხინი” (სახატავი პატარა ქაფჩა), აკრილის საღებავები და  როგორც ბრძოლაში ხმალს იქნევენ, ისე ვუსვამდი  ნერვიულად „მასტერხინს”. არასოდეს მიცდია  აბსტრაქციის ხატვა. ეს ჩემი პირველი ნახატია, ყველა თავისებურად წაიკითხავს.წინასწარმეტყველური ნახატი გამოვიდა.
–  ჰობი…
– ალბათ ყველა ადამიანს აქვს ჰობი. ჩემი ჰობი მოგზაურობაა, სკოლის პერიოდში, არდადეგებზე, ყოველთვის დავყავდი დასასვენებლად ჩემს მშობლებს, ხან ნათესავებთან სხვადასხვა კუთხეში, სანამ სკოლა დავამთავრე, საკმაოდ ბევრი კუთხე თუ ქალაქი მოვიარე:  სოხუმი, ახალ ათონი, ბათუმი, ფოთი, ქობულეთი, ზუგდიდი, ყაზბეგი, წინანდალი, ახალქალაქი, ვარძია, ახალციხე, თიანეთი.
სკოლა რომ დავამთავრე, იმავე ზაფხულს არჩევანი მქონდა, უნდა წავსულიყავი სამოგზაუროდ უკრაინაში ან კლასის ბანკეტზე დავრჩენილიყავი, მე სამოგზაუროდ წასვლა ავირჩიე, მაშინ ტურისტული მატარებელი „მეგობრობა” დადიოდა სსრკ-ს  რესპუბლიკებში, დეიდაჩემი 112-ე სკოლის პედაგოგი იყო, მასწავლებლები მიდიოდნენ და ოჯახის წევრის წაყვანის უფლება ჰქონდათ.  დეიდამ  მე წამიყვანა, უკრაინის 7 ქალაქში ვიმოგზაურეთ…
ახლა სექტემბერში იტალიაში გვაქვს გამოფენა რომის ერთ-ერთ მუზეუმში და ვაპირებ წასვლას.  ასე რომ, მოგზაურობა მავსებს და მისგან მიღებული სიამოვნება დიდხანს მიმყვება.
–  ოჯახი… გყავ მეუღლე გიორგი მაღრაძე (არქიტექტორი),  სამი შვილი: ნათია, ირმა და ირაკლი მაღაძეები და ხუთი შვილიშვილი. როგორ ახერხებთ ოჯახის საქმეებს და ხატვას ერთდროულად? როგორ გიდგათ ოჯახი მხარში, რომ შემოქმედებითად ხელი შეგიწყოთ?
– იყო დრო, როდესაც ოჯახში ბევრი რამ ჩემს თავზე მქონდა აღებული და კარგადაც ვუძღვებოდი, ქალიშვილები გათხოვდნენ, საკუთარი  ოჯახები აქვთ, ვაჟი კი ცოლ-შვილით ჩვენთან ერთად ცხოვრობს.  ჩემმა ავადმყოფობამ დამანახვა, რომ ძველებურად ვეღარ გავაგრძელებდი საოჯახო საქმიანობას  და ყველაფერი – ოჯახის მართვა და გაძღოლა ახალგაზრდებს გადავაბარე.
რაც ხატვა დავიწყე, ოჯახი გაგებით შეხვდა ჩემს  წამოწყებას, მოსწონთ ჩემი ნახატები, მეუღლე პროფესიით არქიტექტორია, ჩემი მთავარი კრიტიკოსია, ხატვის დროს  ვითვალისწინებ მის შენიშვნებს და რჩევებს, ასე,  , უფრო და უფრო ვიზრდები, ჩემი  შვილიშვილები, რომლებიც უყურებენ  ხატვის პროცესს, თვითონაც დაინტერესებულები არიან ხატვით. ხანდახან ჩემთან ერთად,  ხან დამოუკიდებლადაც ხატავენ, რაც ძალიან მახარებს.
ხატვა ხარჯებთანაა დაკავშირებული: ძვირია მასალები, საღებავები, ფუნჯები, ტილოები… ასევე გამოფენები, რომ არა ჩემი ოჯახის თანადგომა, ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი ოჯახის ყველა წევრს, რომლებიც ყველანაირად გვერდით მიდგანან და მეხმარებიან იმ საქმის კეთებაში, რომელიც ასე მიყვარს, მილამაზებს და მიფერადებს ცხოვრებას.
– სამომავლო გეგმები…
– გული მწყდება, ცოტა ახალგაზრდა რომ ვიყო,  ალბათ ბევრ გეგმას დავისახავდი სამომავლოდ, მაგრამ  წლები თავისას შვრება.  არა, გული არ ბერდება, ხალისი და შემართებაც  ახალგაზრდული მაქვს, მაგრამ როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები შემახსენებენ თავს, მაშინ ვხვდები, რომ….
ამიტომ ვცდილობ ბევრი დავხატო, შეძლებისდაგვარად – ვიმოგზაურო, ბევრი დრო გვატარო მეგობრებთან და ახლობლებთან, დავტკბე ცხოვრებით, თავს ბედნიერ ადამიანად ვთვლი, რომ სიძულვილი არ ვიცი, არავინ მძულს, არავისი მშურს, წყენით როგორ არ მწყენია, მაგრამ ვცდილობ, გული არ დავიმძიმო იმაზე ფიქრით,  თუ ვინ და რატომ თქვა, გულწრფელად მეცოდება ასეთი ხალხი, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, არ შეიძლება, ხელოვნებას მიუძღვნა თავი და  ბოღმით სავსე გული ატარო, რაც მხატვართა წრეში გავერიე, ბევრი კარგი მხატვარი და პიროვნება გავიცანი.
უნდა ვთქვა ისიც, რომ იანვარში  ქალბატონმა გულიკო ზუმბაძემ, იზა მიქაძემ და მე დავაარსეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ახალი ინიციატივები”, ბევრი საინტერესო იდეა გვაქვს და ვგეგმავთ მათ  განხორციელებას.

                                                                                                           თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები