კახა კალაძე: რა შუაშია დაშინება?! – პოლიტსაბჭოს განცხადება ნიშნავს იმას, რომ არ გვინდა, პრეზიდენტთან პოლემიკაში შევიდეთ
“რა შუაშია დაშინება?! სად ნახეთ თქვენ, რომ „ქართული ოცნება“ ვინმეს აშინებდეს?”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვას, არის თუ არა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება პრეზიდენტის დაშინების მცდელობა მმართველი გუნდის მხრიდან?
კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება ნიშნავს იმას, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის ინსტიტუტს უფრთხილდება.
„არ ვაპირებ, შევიდე პრეზიდენტთან პოლემიკაში. მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესები და, რა თქმა უნდა, ვუფრთხილდები პრეზიდენტის ინსტიტუტს. ნებისმიერი პოლიტიკოსი, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია უნდა ატარებდეს საკუთარი ქვეყნის ინტერესს, ამ ქვეყნის განვითარებისთვის დგამდეს შესაბამის ნაბიჯებს და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველა პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს გათვითცნობიერებული. რა შუაშია დაშინება?! სად ნახეთ თქვენ, რომ „ქართული ოცნება“ ვინმეს აშინებდეს. ჩვენი მხრიდან ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვინდა პრეზიდენტთან შევიდეთ პოლემიკაში ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა საბჭომ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას.