კულტურის სამინისტრო გამოჩენილ ქართველ მხატვარს, ფერმწერს – ლევან ლაღიძეს – 65 წლის იუბილეს ულოცავს
კულტურის სამინისტრო გამოჩენილ ქართველ მხატვარს, ფერმწერს – ლევან ლაღიძეს – 65 წლის იუბილეს ულოცავს. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს ლევან ლაღიძეს იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას.
ლევან ლაღიძე ცნობილი და აღიარებული ხელოვანია. მხატვარს პერსონალური გამოფენები ჰქონია თბილისის მხატვართა სახლში, აშშ-ის საელჩოსა და გერცევის გალერეაში (მოსკოვი). იგი მონაწილეობდა კოლექტიურ გამოფენებში ავსტრიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში. 2018 წლიდან კი მხატვრის პერსონალურ გამოფენებს მასპინძლობს ლონდონის საგამოფენო სივრცეები, მათ შორის: ’’Pall Mall Gallery“, ’’Mayfair Gallery“ და სხვა.
საერთაშორისო აღიარებისა და წარმატების პარალელურად, ლევან ლაღიძე სისტემატურ გამოფენებსა თუ პრეზენტაციებს მართავს ,,ლაღიძის გალერეაში“, რომლის მფლობელიც 2011 წლიდან გახლავთ.
როგორც თავად ამბობს: „მხატვრობა იწყება არა მაშინ, როცა შეგიძლია ხატო, არამედ – როცა არ შეგიძლია, არ ხატო“…
ეროვნული გალერეის კურატორის, მაკა ბეჟუაშვილის, შეფასებით, ლევან ლაღიძე ქართულ სახელოვნებო სივრცეში ინდივიდუალური ფერწერული ხედვით გამოირჩევა. ის არის ხელოვანი, რომლის ნამუშევრებშიც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს რაციონალური და მეტაფიზიკური; იგი თანმიმდევრული ნაბიჯებით, გააზრებული და დახვეწილი მხატვრული აზროვნებით, მარადიული საიდუმლოს ძიების გაუნელებელი წყურვილით მიუყვება შემოქმედებით გზას; მისთვის მხატვრობა შემეცნების ფორმაა. შემოქმედის ტილოებთან განმარტოება გინდება, რადგან ცხადად შეიგრძნობ, რომ შემეცნების პროცესის მთავარი ხიბლი საიდუმლოების განცდაა.
ლევან ლაღიძე თბილისის საერთაშორისო საშობაო ფესტივალის ლაურეატია (1995); 1985 წელს კი ამიერკავკასიის მხატვართა ბიენალეზე ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.