ეროვნული სასახლის მუზეუმი „მუზეუმების საერთაშორისო დღეს“ მესამედ უერთდება

18 მაისს, 21:00 საათზე, ეროვნული სასახლის მუზეუმი, უკვე მესამედ უერთდება „მუზეუმების საერთაშორისო დღეს“.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს სასახლის რეაბილიტაცია, სასახლისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გადაწყვეტილებით, ერთობლივი ღონისძიება ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში გაიმართება.
„ღონისძიებაზე ეროვნული სასახლის კოლექციიდან თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება, რომელთა უმეტესობა სასახლეში აღიზარდა.
მუზეუმების საერთაშორისო დღეს მოწვეულები არიან მხატვრები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს სასახლის მუზეუმის კოლექციის გამრავალფეროვნებაში.
საღამოს მუსიკალურად გააფორმებს მევიოლინეთა ანსამბლი „სი-მი“.
მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) ინიციატივით, მუზეუმის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 1977 წლიდან აღინიშნება, საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერების მიზნით.
მუზეუმის საერთაშორისო დღისათვის ICOM-ის მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად ირჩევს კონკრეტულ თემას, რომლის მიხედვით მუზეუმები გეგმავენ შემოქმედებით ღონისძიებებსა და აქტივობებს ფართო აუდიტორიის ჩართულობით.
2023 წლის თემად გამოცხადდა – „მუზეუმები, მდგრადი განვითარება და კეთილდღეობა”.
მუზეუმებს მთავარი წვლილი შეაქვთ ჩვენი საზოგადოებების კეთილდღეობასა და მდგრად განვითარებაში.
ეროვნული სასახლის მუზეუმი გაიხსნა 2017 წლის 25 დეკემბერს. სასახლის საგამოფენო სივრცეებში განთავსებულია 200-ზე მეტი ფერწერა-გრაფიკის, ასევე სკულპტურული ნამუშევრები, რომლებიც ხელოვანებმა საჩუქრად გადასცეს სასახლეს“, – ნათქვამია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები