საქართველოს სახალხო არტისტი – გივი ბერიკაშვილი 90 წლის გახდებოდა

საქართველოს სახალხო არტისტი –  გივი ბერიკაშვილი 90 წლის გახდებოდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს გივი ბერიკაშვილის ხსოვნას და ქართული თეატრისა და კინოს განვითარებაში შეტანილ მის უდიდეს წვლილს და ინფორმაციას აქვეყნებს.
„გივი ბერიკაშვილი დაიბადა სოფელ კოლაგში. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1956-1958 წლებში იყო სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი, 1958-1967 წლებში – კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, 1967-1975 წლებში – რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი. 1975 წლიდან გივი ბერიკაშვილი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს დაუბრუნდა.
​გივი ბერიკაშვილი კინოში მოღვაწეობს 1965 წლიდან. პოპულარობა მოუტანა მთავარმა როლმა ფილმში „ლონდრე”. მან შექმნა სამ ათეულზე მეტი კოლორიტული და სახასიათო როლი სხვადასხვა ჟანრის ფილმებში : „ღვინის ქურდები”, „მზე შემოდგომისა”, „სიყვარული ყველას უნდა”, „სამოთხის გვრიტები”, „მიჯაჭვული რაინდები”, „ნატვრის ხე”, „დათა თუთაშხია”, „მარადისობის კანონი”, „სიყვარულის ცეცხლი”, „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში”.
გამორჩეულ არტისტს წლის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის პრემია მიენიჭა სპექტაკლში – „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი” მიტუას როლის შესრულებისთვის.
აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული როლები სპექტაკლებში: „ბერკონი”, „ეზოში ავი ძაღლია”, „ვერაგობა და სიყვარული”, „ასი წლის წინათ”, „თეთრი ბაირაღები”, „ნეაპოლი – მილიონერთა ქალაქი”, „პიგმალიონი ” და სხვ.
გივი ბერიკაშვილი იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების, ასევე – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი”, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები