„დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ – კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

 საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსისათვის გამოყოფილია 250 000 ლარი და მისი მიზანია რეგიონების მოსახლეობისთვის თეატრალური ხელოვნების გაცნობა, დედაქალაქის პროფესიული თეატრების რეგიონებში გასტროლების ხელშეწყობა, ქართული თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია და მიმდინარე თეატრალური საქმიანობის გააქტიურება.
„აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ამავე კონკურსის ბიუჯეტი იყო 250 000 ლარი. კონკურსის შედეგად დაფინანსდა 11 პროექტი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებსა და დაბებში გაიმართა 63 თეატრალური წარმოდგენა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ დედაქალაქის პროფესიულ თეატრებს, განურჩევლად სამართლებრივი სტატუსისა. კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი პროექტი. საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტი უნდა დაიწყოს არაუადრეს 2023 წლის 15 ივნისისა და დასრულდეს არაუგვიანეს 2023 წლის 1 ნოემბრისა.
კონკურსში უპირატესობა მიენიჭება პროექტს, რომელიც გულისხმობს თეატრალურ გასტროლს ორ ან მეტ ადმინისტრაციულ/გეოგრაფიულ პუნქტში და განხორციელდება პატარა და საშუალო დასახლებაში (სოფელი, დაბა, პატარა ქალაქი და სხვ.).
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 12 მაისიდან 2023 წლის 22 მაისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4 ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით, რომელიც იქნება ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ბეჭედდასმული (არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული.
კონსულტაციების მიღება შეიძლება ტელეფონით – N 577 470 691 (სამუშაო საათების განმავლობაში).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 6 ივნისისა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანებით დამტკიცებული დაფინანსების წესი, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/C6vDPce

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები