კულტურის სამინისტრომ, სახელოვნებო საგანმანათლებლო პროცესისათვის საჭირო წიგნადი ფონდის განახლების ხელშეწყობისთვის, კონკურსი გამოაცხადა

 საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „სახელოვნებო საგანმანათლებლო პროცესისათვის საჭირო წიგნადი ფონდის განახლება (თარგმნა ან/და გამოცემა)“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსისთვის გამოყოფილია 70 000 ლარი და მისი მიზანია სახელოვნებო განათლების განვითარების მხარდაჭერა, სახელოვნებო სასწავლო ლიტერატურის გამოცემისა და თარგმნის, ასევე, სახელოვნებო სასწავლებლების, ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლების ხელშეწყობა.
„აღსანიშნავია, რომ 2022 წელს კონკურსის – „სახელოვნებო საგანმანათლებლო პროცესისათვის საჭირო წიგნადი ფონდის განახლება (თარგმნა ან/და გამოცემა)“ – ჩასატარებლად გამოიყო 50 000 ლარი და 10 დარეგისტრირებული საპროექტო განაცხადიდან გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული პროექტი:
ა) “ქართული შრიფტი გრაფიკოს-დიზაინერებისთვის” – ფ/პ ნინო ჯიშკარიანი;
ბ) “მსოფლიო თეატრის ისტორია, XX საუკუნის მეორე ნახევარი, პოსტმოდერნისტული და პოსტდრამატული თეატრი, ტომი V, სახელმძღვანელო” – სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
გ) “გაიანე ალიბეგაშვილის სამეცნიერო ნაშრომის – „საერო პორტრეტი შუა საუკუნეების ქართულ მონუმენტურ ფერწერაში“ – თარგმნა და გამოცემა“ – სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
დ) “ქეთევან ბოლაშვილი: “XX საუკუნის მუსიკის ისტორია: ლექციები”, I ნაწილი. მეორე, შევსებული და გადამუშავებული გამოცემა” – სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა. საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ქართულენოვანი თარგმანი. ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით (გარდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ენებიდან თარგმანისა). საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს შეუძლია კონკურსანტს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
კონკურსში წარმოდგენილი საპროექტო/საკონკურსო განაცხადით გათვალისწინებული პროექტი/ღონისძიება უნდა დაიწყოს არაუადრეს 2023 წლის 15 ივნისისა და დასრულდეს არაუგვიანეს 2023 წლის 1 ნოემბრისა.
სამინისტროში საკონკურსოდ რეგისტრირებულ პროექტებს განიხილავს და შეაფასებს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისია.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 12 მაისიდან 2023 წლის 22 მაისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. №4 ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციების მიღება შეიძლება სამინისტროს ცხელი ხაზის მეშვეობით. ტელ.: № 032 2 022229, № 551 589497.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 6 ივნისისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანებით დამტკიცებული დაფინანსების წესი, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/b6vDiGF

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები