კულტურის სამინისტრომ, ახალგაზრდული შემოქმედებითი სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ წელს პირველად გამოაცხადა კონკურსი – „ახალგაზრდული შემოქმედებითი სტარტაპების ხელშეწყობა“. ბრიფინგზე კონკურსის პირობებისა და ვადების შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა.
კონკურსის ბიუჯეტია 60 000 ლარი და მისი მიზანია შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება, ახალგაზრდა ხელოვანთა/შემოქმედთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა კულტურის სფეროში ახალგაზრდული ბიზნესინიციატივების, ინოვაციური იდეების მხარდაჭერის, ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირებისა და სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობის გზით.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს: იურიდიულ პირს, რომლის დამფუძნებელთა ასაკი არ აღემატება 35 წელს, ასევე – 18-იდან 35 წლამდე ასაკის ფიზიკურ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარმოდგენა.
„კონკურსში შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს:
პროექტს, რომელიც საქართველოს რეგიონებში განხორციელდება;
ქალ კონკურსანტს;
სტუდენტ კონკურსანტს.
კონკურსში წარმოდგენილი პროექტი უნდა დაიწყოს არაუადრეს 2023 წლის 15 ივნისისა და დამთავრდეს არაუგვიანეს 2023 წლის 1 ნოემბრისა.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 12 მაისიდან 2023 წლის 22 მაისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. №4 ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით, რომელიც იქნება ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, დამოწმებული ორგანიზაციის ბეჭდით (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული.
კონსულტაციების მიღება შეიძლება სამინისტროს ცხელი ხაზის მეშვეობით. ტელ.: № 032 2 022229; № 599 85 32 88. ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 6 ივნისისა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/n6vDBtT