კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ცნობილმა რეჟისორმა და სცენოგრაფმა დიმიტრი კრიმოვმა ქართველი მსახიობებისთვის მასტერკლასები გამართა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით, მსოფლიოში ცნობილმა რეჟისორმა, მხატვარმა, სცენოგრაფმა და პედაგოგმა – დიმიტრი კრიმოვმა ქართველი მსახიობებისათვის სამდღიანი მასტერკლასი გამართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მასტერკლასებში მონაწილეობდნენ თბილისისა და რეგიონების 15-მდე თეატრის მსახიობები, მათ შორის – 13 მსახიობი თბილისის (მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სახელმწიფო დრამატული თეატრი, სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი, თავისუფალი თეატრი) თეატრებიდან, 10-მდე მსახიობი – რეგიონული (ფოთი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, სენაკი) თეატრებიდან და 17 მსახიობი – სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრიდან.
მასტერკლასები მსოფლიო დრამატურგიის ორი საუკეთესო წარმომადგენლის – უილიამ შექსპირისა და ანტონ ჩეხოვის – პიესებზე მუშაობას მიეძღვნა.
„ასეთი მასტერკლასების გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მსახიობებისთვის არის კარგი შესაძლებლობა, შეიძინონ გამოცდილება და მეტი შეიტყონ თანამედროვე თეატრალური პროცესების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ თუ კარიერულ წინსვლას.
მსოფლიოში ცნობილი რეჟისორისა და სცენოგრაფის მიერ მასტერკლასების გამართვა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის – ,,საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“ – გამარჯვებული პროექტია და მისი მიზანია ქართველი მსახიობებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული პირების დაახლოება თანამედროვე თეატრალურ სამყაროსთან, კულტურის სფეროს თანამედროვე ტენდენციების წარმოჩენა, ხელოვანთა და სახელოვნებო ორგანიზაციების პროფესიული წინსვლის ხელშეწყობა.
საქართველოში სამუშაო ვიზიტისას, მიმდინარე წლის 12 მაისს, 18:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფართო აუდიტორიისთვის გაიმართება დიმიტრი კრიმოვის შემოქმედებითი საღამო, რომელზედაც წარმოდგენილი იქნება ეპიზოდები მისი ბოლოდროინდელი გახმაურებული თეატრალური დადგმებიდან.
თეატრის რეჟისორი, სცენოგრაფი და ვიზუალური არტისტი დიმიტრი კრიმოვი თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორია. იგი ცნობილია ინოვაციური, დიზაინზე ორიენტირებული სტილით, რომელსაც ზოგჯერ „მხატვრის თეატრს“ უწოდებენ. დიმიტრი კრიმოვი განთქმულია განსაცვიფრებელი ვიზუალური წარმოდგენებით, რომლებშიც ის და მისი კომპანია აერთიანებენ სახვით ხელოვნებას, პროზას, პოეზიას, მუსიკასა და პოპულარულ კულტურას. დ. კრიმოვი აღიარებულია „მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თეატრის შემქმნელად“ („ნიუ-იორკ თაიმსი“). მას თავისი ნამუშევრებისთვის მოპოვებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის: ხუთი ოქროს ნიღაბი (რუსეთის ეროვნული თეატრის ჯილდო), ოთხი ბროლის ტურანდოტის ჯილდო (პირველი პოსტსაბჭოთა თეატრალური ჯილდო) და Herald Angel-ის ჯილდო (ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალი).
თეატრის გარდა, დიმიტრი კრიმოვის საქმიანობა დაკავშირებულია სახვით ხელოვნებასთანაც. იგი მონაწილეობდა მრავალ ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენაში. მისი ნახატები არის სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებისა თუ გალერეების კერძო კოლექციებში.
რეჟისორის მიერ 2004 წელს გახსნილმა „დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორიამ“ სპექტაკლები წარმოადგინა პრესტიჟულ ფესტივალებზე ავსტრიაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საქართველოსა და პოლონეთში. ასევე, გამართა თეატრალური ტურნეები ბრაზილიაში, აშშ-ში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ფინეთსა და ესტონეთში.
2022 წლის დასაწყისში დ. კრიმოვი ნიუ-იორკში გადასახლდა, სადაც შექმნა ახალი კომპანია – Krymov Lab NYC, რეჟისორის ახალი პროექტის რეზიდენცია კი გახდა ექსპერიმენტული თეატრი La MaMa. Krymov Lab NYC-ის პირველი სპექტაკლი იყო „ევგენი ონეგინი“. გარდა ამისა, დაიდგა The Americans: 2 Hems & 1/8th O’Neill“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.