ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება
10 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სამშენებლო კომპანია „ანაგს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და სამშენებლო კომპანია „ანაგის” ხელმძღვანელმა ზაზა გოგოტიშვილმა.
„გილოცავთ! ეროვნული ბიბლიოთეკისთვის და რატომაც არა, საქართველოსთვის ისტორიული დღე დადგა. დღე, რომელიც ხშირად მესიზმრებოდა, რადგან ეს იყო ჩვენი უმთავრესი მიზანი და ჩემი პერსონალური მისია იმ შესანიშნავ გუნდთან ერთად, ეროვნულ ბიბლიოთეკაში რომ მუშაობს – ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის რეაბილიტაცია იწყება. იწყება ჯადოსნური და ყველასთვის ცნობილი მაჩაბლის დარბაზის აღდგენით, პროცესს კი სამშენებლო და დეველოპერული კომპანია „ანაგი” განახორციელებს”, – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.
„34 წლის განმავლობაში პირველად ვნერვიულობ პროექტის დაწყების წინ. თავიდან ბოლომდე გვაქვს გაცნობიერებული, რამხელა პასუხისმგებლობას ვიღებთ და გიდასტურებთ, რომ ზუსტად ისე შესრულდება სამუშაოები, როგორც საჭირო იქნება, თანაც უმოკლეს ვადაში“, – განუცხადა „კვირას“ სამშენებლო დეველოპერული კომპანია „ანაგის“ დამფუძნებელმა ზაზა გოგოტიშვილმა.
„დარბაზის რეაბილიტაციის დაწყებამდე გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები არის ჩასატარებელი. როგორც კი ტექნოლოგიურად ყველაფერი წესრიგში იქნება და საპროექტო განაცხადი გაკეთდება, იმ წუთიდან ჩაერთვება ჩვენი კომპანია პროცესში. ჩვენი მხრიდან არავითარი შეფერხება არ არსებობს. სრულად ვაცნობიერებთ, თუ რა მნიშვნელობის პროექტთან გვაქვს საქმე და რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია, მაგრამ მსგავსი პროექტების განხორციელება ბიზნესის ვალდებულებაა. ამ პროექტს ჩვენს ქვეყანას და ხალხს ვჩუქნით“, – ამბობს სამშენებლო დეველოპერული კომპანია „ანაგის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გოგოლიშვილი.
ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, უახლოეს მომავალში დაიწყება ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში მდებარე ივანე მაჩაბლის სახელობის სამკითხველო დარბაზის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია.
ეს ისტორიული დარბაზი ერთ-ერთია ბიბლიოთეკის იმ დარბაზებიდან, რომლებიც წლებია მკითხველისთვის დაკეტილია და აღდგენას ელოდება.
ცნობისათვის: ივანე მაჩაბლის სახელობის სამკითხველო დარბაზი მდებარეობს ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიულ პირველ კორპუსში, რომელიც თავის დროზე ცნობილმა არქიტექტორმა ანატოლი კალგინმა ააშენა (1912-1916 წ.წ.), როგორც პირველი ქართული ბანკის შენობა.
შენობა ნაგებია ტრადიციული ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტებითა და ძველი ქართული ხუროთმოძღვრებიდან (მათ შორის ტაო-კლარჯეთის ძეგლებიდან) აღებული არქიტექტურული მოტივებისა და ორნამენტების გამოყენებით – ეკლექტიკური სტილით.
ანატოლი კალგინი იყო ტაო-კლარჯეთში ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მოწყობილი ცნობილი ექსპედიციის წევრი და სწორედ ამ მოგზაურობის დროს შეისწავლა იქაური ქართული არქიტექტურა.
ივანე მაჩაბლის სახელობის დარბაზი თავის დროზე ბანკის საოპერაციო დარბაზი იყო, საიდანაც ოქროს საცავის (სეიფის) რკინის კარიც კი ჩანდა. დღეს აქ იშვიათ გამოცემათა ფონდია განთავსებული, იქვე მდებარეობს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმი. დარბაზის აკუსტიკა დაბალი იყო, რომ მეანაბრეებთან კონფიდენციალური საუბრები გამართულიყო.
მას შემდეგ, რაც შენობა ბიბლიოთეკას გადაეცა, სიჩუმით გამორჩეულ ამ დარბაზში მდებარეობდა სამკითხველო მეცნიერთათვის (მათთვის განსაკუთრებული პირობების შექმნის მიზნით), ასევე პერიოდული გამოცემების სამკითხველო დარბაზი.
ივანე მაჩაბლის სახელობის დარბაზი აღდგება რეაბილიტაცია-რესტავრაციის ყველა წესის დაცვით, პირვანდელი სახით.