სამხატვრო აკადემიასა და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი სამხატვრო აკადემიის რექტორმა ყარამან ქუთათელაძემ და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმის მიხედვით, მხარეები, ერთმანეთის კომპეტენციისა და შესაძლებლობების შესაბამისად, შეიმუშავებენ და განახორციელებენ სხვადასხვა ერთობლივ პროექტს. მემორანდუმი ითვალისწინებს აკადემიასა და უნივერსიტეტში ამ უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალის მიერ საჯარო ლექციების წაკითხვასაც.
„მხარეები ხელს შეუწყობენ ერთობლივ პროექტებში სტუდენტების სხვადასხვა სახით აქტიურობას, მაგ., მათ მონაწილეობას ფილმების გადაღების პროცესში, სპექტაკლების მომზადებაში და სხვ.
მემორანდუმის თანახმად, აკადემიისა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეძლებენ თავისუფალ დასწრებას გამოფენებზე, კინოჩვენებებზე, სპექტაკლებსა და მსგავსი ტიპის კულტურულ ღონისძიებებზე.
ამასთანავე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროექტის/ღონისძიების შინაარსის შესაბამისად, ერთმანეთს მისცემენ თავიანთი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების უფლებას; ამასთანავე, უნივერსიტეტის ტელევიზია TafuTv-ს გამოიყენებენ აკადემიისა და უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტების – გადაცემების მოსამზადებლად.
უნივერსიტეტისა და აკადემიის თანამშრომლობის მემორანდუმი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დაახლოებას, მათ აქტიურ მონაწილეობას სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში, ერთობლივი მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მჭიდრო ურთიერთობა მოემსახურება შემოქმედებითი აზროვნების განვითარებასა და ქვეყნის კულტურული ცხოვრების დონის ამაღლებაში ახალგაზრდობის როლის გაზრდას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები