„საქართველოს სინფონიეტა“ კანადელ დირიჟორთან, ნურჰან არმანთან ერთად, კონცერტს გამართავს

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“, წარმატებული საკონცერტო ტურნეს შემდეგ, ფინეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული, 15 მაისს, 19:00 საათზე, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, კანადელ დირიჟორთან, ნურჰან არმანთან ერთად გამართავს კონცერტს.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა აცნობა, კონცერტის სოლისტები არიან: თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო) და დიმიტრი ბოქოლიშვილი (კლარნეტი).
ამ საღამოს, მენდელსონის, პუჩინისა და შოსტაკოვიჩის მუსიკასთან ერთად შესრულდება ქართველი კომპოზიტორის, ირაკლი ცინცაძის კლარნეტის კონცერტის მსოფლიოს პრემიერა.

რაუმა (ფინეთი), 22. 04. 23.

ირაკლი ცინცაძის კლარნეტის კონცერტის პრემიერას, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასისტენტ-პროფესორი, კლარნეტისტი დიმიტრი ბოქოლიშვილი, ხოლო მენდელსონის საფორტეპიანო კონცერტს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, პიანისტი თამარ ლიჩელი შეასრულებენ.
კონცერტს უდირიჟორებს კანადელი დირიჟორი – ნურჰან არმანი.
„ნურჰან არმანი სტამბოლში დაიბადა. მან, როგორც მევიოლინემ, თავისი პირველი სოლო კონცერტი 13 წლის ასაკში დაუკრა. შეერთებულ შტატებში, დისნეის ფონდის სტიპენდიით ჩასვლის შემდეგ, ერთი სანაპიროდან მეორე სანაპირომდე მართავდა კონცერტებს. გამოდიოდა აშშ-ს დიდ ქალაქებში, ასევე პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებზე: ტანგლვუდში, სპოლეტოში, ნიუ-იორკსა და ფლორიდაში. აშშ-ის წამყვანი ორკესტრების კონცერტმაისტერად რამდენიმე საკონცერტო სეზონის მუშაობის შემდეგ დაიწყო მისი სადირიჟორო კარიერა და მას მერე მთელი მსოფლიო მოიცვა.

ჰელსინკი (ფინეთი), 23. 04. 23

1982 წელს, ნურჰან არმანი კანადაში გადავიდა, რომ North Bay Symphony ორკესტრის და Northern Music Festival-ის მუსიკალური დირექტორის პოსტი მიეღო. 1987 წელს, იგი დაინიშნა New Brunswick Symphony ორკესტრის მუსიკალურ დირექტორად, რომელიც მალე, რეგიონის მთავარ ორკესტრად აქცია. 1993 წლის მარტში, ნურჰან არმანი დაინიშნა ერევნის სიმფონიური ორკესტრის მთავარ მოწვეულ დირიჟორად. 1998 წელს, მაესტრო არმანმა დააარსა Sinfonia Toronto, რომელიც კანადის ერთ-ერთ საუკეთესო კამერულ ორკესტრად ითვლება.
მაესტრო არმანი არაერთი საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი იყო, მათ შორისაა ფიტელბერგის დირიჟორთა საერთაშორისო კონკურსი პოლონეთში, კანადის დირიჟორების კონკურსი და ჰაინც უნგერის კონკურსი. იგი დირიჟორობას ასწავლიდა: ნიუ-იორკის ბროკპორტის ფესტივალზე, ფლორიდის ფესტივალზე, კანადის ორფორდის ხელოვნების ცენტრში, ჩრდილოეთ მუსიკალურ ფესტივალზე და ასევე მუსიკის სამეფო კონსერვატორიაში.
ნურჰან არმანმა ჩაწერა CBC რადიოს, PBS, პოლონეთის მაუწყებლობის, ჩეხეთის რადიოს, კორეული მაუწყებლობის, ლიტვის ტელევიზიის, სომხეთის რადიოსა და ტელევიზიისთვის. მისმა ჩანაწერმა “Flanders Fields”,  “Sinfonia Toronto”-სთან ერთად, კანადის ჯილდო – Juno მოიპოვა.
„საქართველოს სინფონიეტა“ მალე, გერმანიაში, იმლინგის ფესტივალზე გაემგზავრება და შემოდგომამდე თბილისში კონცერტს აღარ გამართავს, ასე რომ იჩქარეთ ბილეთების შეძენა და 15 მაისის კონცერტი არ გამოტოვოთ“! – ნათქვამია „საქართველოს სინფონიეტას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კონცერტის ბილეთების შეძენა შესაძლებელია კონსერვატორიის დიდი დარბაზის სალაროში და პორტალზე – www.biletebi.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები