ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე აცხადებს, რომ Black Sea Arena-ს მასშტაბური კამპანიის – Starring Georgia-ს ფარგლებში ქვეყანა 100 მილიონ ლარამდე შემოსავალს ელის. როგორც მან ტელეკომპანია “პოსტვ-ის” გადაცემა “ბიზნესპოსტის” ეთერში განაცხადა ამას გარდა, მხოლოდ მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში საქართველოში 100 ათასამდე ვიზიტორს ელოდებიან.
“პირველ ეტაპზე 2 წლიანი კამპანიის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია. უკვე დაკონკრეტებული არტისტები 13 მილიონ ლარს მოიცავს, თუმცა წლის ბოლომდე დაემატება კიდევ რამდენიმე არტისტი. 25 მილიონამდე გაიზრდება წლევანდელი ბიუჯეტი და დანარჩენი რა თქმა უნდა გადავა მომავალ წელს.
რაც შეეხება შემოსავლებს. ამ პროექტის ფარგლებში 100 მილიონ ლარამდე შემოსავალს ველოდებით.
მარტო წლევანდელ ღონისძიებებზე 100 ათასამდე მოგზაურს ველოდებით, რა თქმა უნდა ძალიან დიდი წილი გათვლა გვაქვს რომ უნდა იყოს საერთაშორისო მოგზაური”,- განაცხადა მაია ომიაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას – Starring Georgia იწყებს. კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. ახალი კამპანიის ფარგლებში, Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.