“BBC-ის გამოძიებით გაჩნდა ეჭვი, რომ კეზერაშვილის მიერ პოლიტიკაში, არასამთავრობო სექტორსა და მედიაში დახარჯული ფული მოპარულია ჯარისა და ევროპელი პენსიონერებისგან”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დავით კეზერაშვილია შეფარებული ევროპულ ქვეყნებს და საქართველოში იქიდან ურევს სიტუაციას.
„BBC-ის მედიაგამოძიების შედეგად გაჩნდა ეჭვი, რომ დავით კეზერაშვილი არის ევროპელი პენსიონერების თაღლითურად გაძარცვაში მონაწილე, შესაბამისად ფული, რომელიც იხარჯება მის მიერ ქართულ პოლიტიკაში, არასამთავრობო სექტორსა და მედიაში, ამ ფულში არის, როგორც ჯარისგან მოპარული ფული, ასევე, ევროპელი პენსიონერებისგან თაღლითური გზით დაუფლებული ფული. კიდევ ერთხელ მტკიცდება, რასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, კეზერაშვილს იფარებს ევროპა, ვხედავთ ჩვენ, რომ იქიდან გეგმავს არეულობას ქვეყანაში. ვხედავთ, თავადვე აღიარებს, რომ აფინანსებს პოლიტიკური პარტიებს, მედიებს, არასამთავრობო სექტორს, პირდაპირ ჩართულია ადამიანი, რომელმაც ჯერ ჯარს მოჰპარა 5 მილიონი, შემდეგ ევროპელი პენსიონერები თაღლითური სქემით გაძარცვა და ეს ადამიანი პირდაპირ ჩართულია ქართულ პოლიტიკაში, მედიაში, არასამთავრობო სექტორში ფინანსებით. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ და სამწუხაროა, რომ ხდება იმავე შეცდომის გამეორება, რაც იყო მიხეილ სააკაშვილთან დაშვებული, როდესაც ის შეფარებული იყო ევროპის ქვეყნებში და იქიდან ურევდა აქ სიტუაციას. ახლა დავით კეზერაშვილია შეფარებული ევროპულ ქვეყნებს და იქიდან ურევს სიტუაციას საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, BBC-ის სტატიაში, რომელიც ეძღვნება უპირატესად საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისებას, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი – დავით კეზერაშვილი ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად არის მოხსენიებული.