ცნობილი ქორეოგრაფი – გელოდი ფოცხიშვილი 78 წლის გახდა

დღეს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე გელოდი ფოცხიშვილი 78 წლის გახდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს მას დაბადების დღეს.
უსურვებს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას.
„გელოდი ფოცხიშვილი   60 წელია, ქართულ ხელოვნებას ემსახურება. 1974-1978 წლებში იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოსასცენარო ფაკულტეტზე სწავლობდა, ხოლო 1982-1986 წლებში – საქართველოს მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოების რესპუბლიკური სახალხო უნივერსიტეტის სსრკ-ის ხალხთა ცეკვების ფაკულტეტზე.
წლების განმავლობაში ის საქმიანობდა არაერთ ქართულ ქორეოგრაფიულ ანსამბლში. 1964 წელს იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „სუხიშვილების“ სტაჟიორ-მოცეკვავე, 1964-2008 წლებში კი – საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობ-მოცეკვავე. 1965 წელს დააფუძნა მოცეკვავეთა კვარტეტი „დოლური“. 1993 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მთავარი ქორეოგრაფია. 1994-1999 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მთავარი ბალეტმეისტერი. არის საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებული მოცეკვავეთა ანსამბლის – „მეტეხისა“ და საბავშვო სტუდია „მეტეხის“ დამფუძნებელი. 1989 წელს თბილისის სპორტის სასახლეში დააფუძნა შოუებისა და სპორტულ სანახაობათა ასოციაცია. 1997 წლიდან არის საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის განყოფილების გამგე.
1997 წლიდან ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებზე ქმნიდა და დგამდა საცეკვაო ნომრებს.
გელოდი ფოცხიშვილი მონაწილეობს ფილმებში: „აურზაური სალხინეთში“ (1974), „ქუჩის დედოფალი“ (2014), „უვაჟაემი“ (2014), „პრეზიდენტის დაბრუნება“ (2019).
1998 წელს გელოდი ფოცხიშვილი ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა საქართველოს ღირსების ორდენით. 2005 წელს დაჯილდოვდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ქების სიგელით, 2011 წელს – საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის რაინდის ორდენით, 2015 წელს – საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის ბრწყინვალების ორდენით. 2015 წელს მას მიენიჭა აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 2016 წელს მწერალთა და შემოქმედებითი კავშირის ხელოვანთა ოქროს ფონდმა ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიანიჭა ღვაწლმოსილის წოდება. 2016 წელსვე ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო კულტურის სამინისტროს ჯილდო – „ხელოვნების ქურუმი“.
2015 წელს ფილარმონიის წინ გაიხსნა ფოცხიშვილებისა და ანსამბლ „მეტეხის“ ვარსკვლავი.
ინფორმაციისთვის: კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში მიმდინარე წლის 23 აპრილს გელოდი ფოცხიშვილის შემოქმედებითი საქმიანობის 60 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები