ირაკლი ღარიბაშვილი: ინფლაცია წინა თვესთან შედარებით 2.8%-ით არის შემცირებული, რაც ავტომატურად აისახება სურსათზე, ტრანსპორტზე, მედიკამენტებზე, ფასებზე

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ინფლაციის ახალ მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა თვესთან შედარებით მაჩვენებელი 2.8%-ით შემცირდა.

„მოგეხსენებათ, ინფლაცია იყო და რჩება მთავარ გამოწვევად. დღეს მთელს მსოფლიოში არის მაღალი ინფლაცია – ამერიკაში, ევროპაში. ევროზონაში შარშან მაგალითად ორნიშნა ინფლაცია დაფიქსირდა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იყო 20, 25, 30 პროცენტამდეც კი ავიდა. მოლდოვაში 37% იყო ინფლაცია. ამ დროს ჩვენმა პატარა ქვეყანამ, ამდენი გამოწვევის მიუხედავად, მოახერხა, რომ შარშან იყო პიკზე, ყველაზე მაღალი 13%, წლის ბოლოს ჩვენ შევამცირეთ 9%-მდე და ახლა უკვე მარტში 5.3% არის ინფლაცია, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი პროგრესი. თითქმის 2.8%-ით არის შემცირებული წინა თვესთან შედარებით. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო რას ნიშნავს ინფლაციის შემცირება ჩვენი ხალხისთვის. ეს, რა თქმა უნდა, ავტომატურად აისახება სურსათზე, ტრანსპორტზე, მედიკამენტებზე, ფასებზე, ყველაფერზე აისახება, ბუნებრივია. ეს არის შედეგი ჩვენი ერთობლივი მუშაობის, ჩვენ ამის თაობაზე შარშან დავიწყეთ მუშაობა. მედიკამენტებზე შევძელით და შევამცირეთ ფასები მნიშვნელოვნად. 60-80%-ით შევამცირეთ ფასები. შემოვიღეთ ასევე რეფერენტული ფასები და ჯამურად 200 მილიონი ლარის ეკონომია ნახა ჩვენმა ხალხმა. ასევე დავიწყეთ საწვავის ფასებზე იმპორტიორებთან მუშაობა. გვქონდა წარმატებული მოლაპარაკებები, და საწვავის ფასებიც შემცირებულია.
მესამე მიმართულება ეს არის სურსათის ფასები, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს. ამ მიმართულებითაც გვქონდა წარმატებული მოლაპარაკებები. მალე ეკონომიკის სამინისტრო წარმოადგენს კანონპროექტს, აქედანაც დავაზღვევთ [ფასებს]. ამ კანონითაც გადავაზღვევთ, რომ სამართლიანი ფასები მოქმედებდეს ბაზარზე და ეს ყველაფერი ჯამში აისახა შემცირებულ ინფლაციაზე“ , – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები