გიორგი ცუცქირიძე: „ქართული ოცნების“ ათწლიანი მმართველობის პერიოდში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება ათჯერ გაიზარდა და 7 მილიარდ ლარს გადააჭარბა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება, „ქართული ოცნების“ ათწლიანი მმართველობის პერიოდში ათჯერ გაიზარდა და 7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, არანაკლებ შთამბეჭდავად გამოიყურება ამ  პროგრამებით მოსახლეობის მოცვის მაჩვენებელიც: თუ 2012 წლისთვის აღნიშნულ პროგრამებზე წვდომა მოსახლეობის მხოლოდ 40 პროცენტს ჰქონდა, დღეისათვის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა – 95% სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სიკეთეებით.

„სოციალური პოლიტიკა ნებისმიერი ხელისუფლების საქმიანობის შეფასებით მნიშვნელოვანი მდგენელია, სადაც სოციალური პოლიტიკის წამყვან სეგმენტად ჯანდაცვა სამართლად არის მიჩნეული, რადგან ოჯახების დანახარჯების ნაწილი და არც თუ მცირე, სწორედ ჯანმრთელობის საკითხებს უკავშირდება.

ამასთან, მოსახლეობის ჯანმრთელობა ეკონომიკის სტიმულირების ფაქტორადაც ითვლება, ამიტომაც იყო, რომ პანდემიურ პერიოდში ქვეყნების ბიუჯეტიდან ჯანდაცვის სფეროზე ასეული მილიარდობით დოლარი დაიხარჯა.

სოციალური პოლიტიკის გასაპროტესტებლად არაერთ გრანდიოზულ გამოსვლასაც ჰქონდა ადგილი და მთავრობების ნაწილიც გადაჰყოლია კიდეც, თუნდაც საპენსიო რეფორმებს!

თავის დროზე საპენსიო რეფორმასაც, რომელიც საქართველოში „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ჩატარდა, არაერთი კრიტიკოსი ჰყავდა, ისევე როგორც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამას, როგორც წესი ოპოზიციის მხრიდან, თუმცა დღეს ამ რეფორმების წარმატებულ ხასიათს ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს!

იგივე შეიძლება ითქვას კოვიდ პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდებში სოციალური პოლიტიკის პრიორიტეტებზე. მარტო კოვიდპანდემიის დროს ყველა პაციენტის მკურნალობის ანაზღაურება 1 მლრდ ლარზე მეტი დაჯდა და პროცენტულად წამყვანი ქვეყნების ნაწილის ბიუჯეტიდან გაღებული სახსრებზე მეტიც კი იყო!

ზოგადად, თუ „ნაციონალების“ მმართველობის დასასრულს, 2012 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება საბიუჯეტო ხარჯების 5 პროცენტი იყო, „ქართული ოცნების“ მმართველობის 10 წლის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჯანდაცვის დაფინანსების ხვედრითი წილი 2-ჯერ მეტად გაიზარდა და 10.7 პროცენტს მიაღწია, თან ორჯერ გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში, ხოლო მოცულობამ 2.0 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება, 2012 წლის 700 მილიონი ლარიდან „ქართული ოცნების“ ათწლიანი მმართველობის პერიოდში ათჯერ გაიზარდა და 7 მილიარდ ლარს გადააჭარბა და 11 მილიონი შემთხვევის სამედიცინო მომსახურების გაწევა მოხდა!

არანაკლებ შთამბეჭდავად გამოიყურება ამ პროგრამებით მოსახლეობის მოცვის მაჩვენებელიც: თუ 2012 წლისთვის აღნიშნულ პროგრამებზე წვდომა მოსახლეობის მხოლოდ 40 პროცენტს ჰქონდა, დღეისათვის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა – 95% სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სიკეთეებით.

წმინდა ეკონომიკური ეფექტის თვალსაზრისით, როდესაც გაზრდილ სოციალურ ხარჯებზე და ბიუჯეტის ზედმეტ ხარჯვაზე აკეთებს ოპოზიცია აქცენტებს, 10 წელიწადში მოქალაქეებმა 6,3 მილიარდი ლარი დაზოგეს, რაც მათთვის შვებაც იყო და მოხმარების სტიმულირებაც ამავდროულად!

სულ მთლიანობაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებით 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, და თუ „ნაციონალების“ ზეობისას ჯანდაცვის სერვისის მიღება  სერიოზულ სოციალურ პრობლემატიკაში იყო ასახული, როდესაც ოჯახებს სამკურნალო სახსრების მოსაძიებლად საცხოვრებლების გაყიდვაც კი უწევდათ, ჯანდაცვის დაზღვევის აღნიშნულმა ფორმამ არა თუ მათი სოციალური ტვირთი შეამსუბუქა, არამედ ბევრი ადამიანი გადაარჩინა ფიზიკურადაც!

მარტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთო ჯამში 80 000-ზე მეტმა პაციენტმა იმკურნალა, თავად  პროგრამის ღირებულება კი 3,5 მილიარდ ლარზე მეტი დაჯდა!

ადამიანზე ორიენტირებულ სოციალურ პოლიტიკას ალტერნატივა არა აქვს, თვით ყველაზე უფრო ლიბერალური და ლიბერტარიანული ეკონომიკის ქვეყნებშიც კი! აქ ყურით მოთრეული ე.წ სახელმწიფო ძიძის როლი, რასაც აქაური ლიბერტარიანელები სპეკულირებენ, დღეს ყველგან გადაფასებულია, რადგან გლობალურმა კრიზისებმა აჩვენა, რომ სახელმწიფოს ფუნქცია არა მხოლოდ ბიზნესის სტიმულირებაა, არამედ კრიზისებისას მათი ფინანსური მხარდაჭერა და განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფინანსური უზრუნველყოფაც!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები