მამუკა მდინარაძე: „ფრანკლინის კლუბში“ მორალურად არალეგიტიმური საკითხებით ცდილობენ ახალგაზრდების ტვინის მოწამვლას
„ფრანკლინის კლუბში“ მორალურად არალეგიტიმური საკითხებით ცდილობენ ახალგაზრდების ტვინის მოწამვლას, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას – “როდესაც უმრავლესობის წევრებმა ინფორმაცია გააჟღერეს „ფრანკლინის კლუბზე“, ხომ არ იყო ეს ბულინგი სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდების მიმართ”.
„აქვე შემიძლია, გითხრათ ერთი რაღაც – „ფრანკლინის კლუბში“ ბავშვები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები არ მიდიან რაღაც მათთვის დამაზიანებელი ინფორმაციის მისაღებად. ჩვენ ვსაუბრობთ ლექტორებზე, ტრენერებზე, რომლებიც ცდილობენ ამ ბავშვების ფსიქიკა დააზიანონ. აი ამას ვამბობ. ვინმემ რომ არ შეძლოს ამით სპეკულაციაც კი. არცერთ ბავშვს არ აქვს განზრახვაში, არცერთ ბავშვს არ უნდა და არცერთ მშობელს, რომ მიიყვანოს [შვილი] რაღაც ადგილას, რაღაც უნარების გასავითარებლად და რაღაც მისთვის უარყოფითი, დამაზიანებელი ინფორმაცია მიიღოს. მაგრამ სამწუხაროდ, აღმოჩნდა ადგილი, სადაც ბავშვის და მისი მშობლის ამ ბუნებრივი სურვილის გამორიცხვის მიუხედავად, არსებობენ ადამიანები, რომლებიც კითხულობენ ლექციებს და იმას კი არ ცდილობენ, რომ ცოდნა, სამშობლოს სიყვარული აუმაღლონ ამ ადამიანებს [ახალგაზრდებს], არამედ სხვა საკითხებით დააინტერესონ, რაც არ არის, მათ შორის, მორალურად ლეგიტიმური. მორალურად არალეგიტიმური საკითხებით ცდილობენ ახალგაზრდების ტვინის მოწამვლას. იმ ბავშვებზე, შემიძლია დაგიდასტუროთ, არავის აქვს წარმოდგენა, რომ მიდიან [ფრანკლინის კლუბში] იმისთვის, რომ პრობლემები შეუქმნან თავის ფსიქიკას. იქ თუ ვინმე [ლექტორი] ხვდება იმისათვის, რომ ასეთი რაღაც გააკეთოს, იმათ მიმართაა, პირველ ყოვლისა, ეს მესიჯი“, – თქვა მდინარაძემ.