რატი ბრეგაძე: რადიკალურმა ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზება

“პირველ ყოვლისა, რადიკალურმა ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზება. ამ საკითხს არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ადამიანს სურს გამოჯანმრთელება, ის მკურნალი ექიმების რეკომენდაციებს უნდა დაემორჩილოს.

„პირველ ყოვლისა, რადიკალურმა ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზება. ამ საკითხს არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. ეს არის სასჯელის მოხდა დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში, როგორიც დღეს არის საქართველო. ეს არის პირველი, რაც უნდა გააკეთოს ყველამ. მეორე – როდესაც ადამიანს სურს გამოჯანმრთელება, ის უნდა დაემორჩილოს მკურნალი ექიმების რეკომენდაციებს. სახელმწიფო პასუხისმგებელია იმაზე, რომ პირის უფლებები იყოს დაცული. თუ ადამიანს სჭირდება მკურნალობა და სახელმწიფო მიაწვდის სამედიცინო მომსახურებას, გადაიყვანს პატიმარს კერძო კლინიკაში, მოათავსებს VIP-პალატაში, სადაც ექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, ხოლო ის მიზანმიმართულად არ დაემორჩილება ამ მკურნალობის კურსს, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა აქ უკვე სრულდება. იძულებითი მკურნალობა საქართველოს მკურნალობით არ დაიშვება. არცერთ ადგილობრივ თუ უცხოელ გულშემატკივარს არ მოუტანია მტკიცებულება იმის საჩვენებლად, თითქოს სააკაშვილის უფლებები დარღვეულია. როდესაც საუბარი იყო შესაძლო მოწამვლაზე, პირადად მე მეორე დღესვე შევთავაზე ექსპერტიზის ჩატარება, რაზეც მივიღეთ უარი. შემდეგ მან ნიმუშები არ ჩააბარა გამოძიებასაც – მიუხედავად ამისა, ისინი საუბრობენ, თითქოს სააკაშვილი მოწამლულია და სურთ, ამ ცილისმწამებლური კამპანიის გატარება. ამერიკულ ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშები არ იყო დალუქული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ის მონაცემები, რაც ამ დაულუქავ ნიმუშებში იყო აღმოჩენილი, იყო ნორმის ფარგლებში. რა მოწამვლაზეა საუბარი? ეს საფუძველშივე გამორიცხულია. ეს არის მიზანმიმართული კამპანია სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – აცხადებს ბრეგაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები