აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველომ გააგრძელა ურყევი ჩართულობა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ყოველწლიურ ანგარიშში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად, შეფასებულია საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველომ გააგრძელა ურყევი ჩართულობა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით.

ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული სიტუაცია 2021 წელს იყო მშვიდი და სტაბილური, ტერორისტული ინციდენტები არ დაფიქსირებულა.

დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს საქართველომ გაატარა შემდგომი ზომები საზღვრების უსაფრთხოებისთვის და დააკავა საქართველოს ხუთი მოქალაქე „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ტერორიზმის ბრალდებებით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფი განაგრძობს რეგულარული წვრთნებისა და აღჭურვილობის მიღებას, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებისგან.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ კონტრტერორისტული კანონმდებლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოში ძალაში შევიდა ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ განახლებული კანონმდებლობა და ქვეყანამ შეიმუშავა 2022-2026 წლების ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, მას შემდეგ, რაც წინა კონტრტერორისტულ სტრატეგიას ამოეწურა ვადა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ახდენს ტერორიზმისა და იმ აქტების კრიმინალიზაციას, რომლებიც ხელს უწყობენ ტერორიზმს, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებას, კიბერტერორიზმს, წვრთნების ჩატარებას, წაქეზებას და ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით პირის გადაბირებას, ასევე, უცხოელ ტერორისტ მებრძოლებს. მთავრობამ, ასევე, დაამტკიცა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია (2021-30) და სამოქმედო გეგმა (2021-23).

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დოკუმენტში აღნიშნავს, რომ საქართველოს, ზოგადად, შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის ინციდენტებზე.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ზოგადად, კარგადაა აღჭურვილი და მომზადებული. მას გააჩნია ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირებისა და გამოძიების წარმოების უფლებამოსილება და კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა უწყებებთან, მათ შორის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის სამინისტროებსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან.
ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით, 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების სირიაში ან ერაყში გამგზავრების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. აგვისტოში პანკისის ხეობაში საქართველომ დააკავა საქართველოს ხუთი მოქალაქე „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობასა და სირიაში ტერორისტულ ბანაკში გამგზავრების დაგეგმვასთან დაკავშირებული ბრალდებებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ერთ-ერთმა პირმა საჯაროდ განაცხადა, რომ წარმოადგენდა „ისლამური სახელმწიფოს“ „საქართველოს ემირს“ – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 2021 წელს საქართველო მუშაობდა სახმელეთო საზღვრისა და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. სასაზღვრო პოლიციამ განახორციელა პროექტები საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე პატრულირების, მეთვალყურეობისა და შეკავების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. საქართველომ დაასრულა სახმელეთო საზღვრის ერთი სეგმენტის მშენებლობა თურქეთთან საზღვარზე და ერთის – აზერბაიჯანთან საზღვარზე. სასაზღვრო პოლიციამ გააძლიერა გამოვლენის შესაძლებლობები მობილური დაკვირვების ორი დამატებითი სისტემით და გაზარდა ოპერატიული პერსონალის რაოდენობა საქართველოს საზღვრებზე. შეიქმნა საზღვრის მართვისა და კოორდინირების სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში, შიდაუწყებრივი და უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და რისკების მართვის გასაუმჯობესებლად.

გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სანაპირო დაცვა უზრუნველყო ახალი რადარის, კომუნიკაციისა და სამეთვალყურეო სისტემებით, საქართველოს საზღვაო სფეროში კონტროლის შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეროვნული მართვისა და კონტროლის გასაუმჯობესებლად, საქართველომ დაიწყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა სასაზღვრო უსაფრთხოების სექტორების დასაკავშირებლად რეგიონულ და ეროვნულ მაკონტროლებელ ცენტრებთან, შექმნა ტექნიკური მომსახურების ცენტრი მობილური დაკვირვების ინფრასტრუქტურის მომსახურებისთვის.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველომ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) გამოვლენისა და დეკონტამინაციის მოწყობილობებით აღჭურვა თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქბრბ დანაყოფები, მასობრივი განადგურების იარაღის მასალების გავრცელებისა და მათი გამოყენების რისკებსა და საფრთხეებზე რეაგირების მიზნით.

ანგარიშში ნათქვამია რომ, 2021 წელს საქართველო მონაწილეობდა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ ერთობლივად განხორციელებულ „კონტეინერების კონტროლის პროგრამაში“ და დისლოცირებული ჰყავს სამოქმედო ჯგუფები უკანონო ტვირთების იდენტიფიცირებისთვის.
ივლისში საქართველომ მიიღო მთავრობის დადგენილება ავიაგადამზიდველის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემების მიწოდების, დამუშავების, წაშლის, მოპოვებისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ. ხოლო სასაზღვრო საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ახორციელებენ პირების, სატრანსპორტო საშუალებებისა და სამგზავრო დოკუმენტების შემოწმებას მონაცემთა ბაზებში, მათ შორის, ინტერპოლის მონაცემთა ბაზებში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო არის ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფის (CIFG) წევრი. საქართველოს ფინანსური დაზვერვის დანაყოფი, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, არის ეგმონტ ჯგუფის (Egmont Group) წევრი.
ანგარიშში ხაზი აქვს გასმული, რომ 30 მარტს საქართველომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონში შეიტანა ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით სანქციადაკისრებულ პირთა სიაში განხორციელებული ცვლილებები საქართველოს ტერიტორიაზე პირდაპირი მოქმედების ძალას იძენს. აქამდე, ასეთი პირების მიმართ სამართლებრივი მოქმედებების განხორციელება მოითხოვდა საქართველოს სასამართლოში განხილვას.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში საქართველო კვლავინდებურად განაგრძობდა უმცირესობათა ინტეგრაციაზე, განათლებაზე, მედიასთან წვდომაზე, ახალგაზრდებსა და კულტურულ მრავალფეროვნებაზე ორიენტირებულ ძალისხმევას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული კონტრტერორისტულ საკითხებზე საერთაშორისო, რეგიონული და ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით. საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან, გაეროსთან, ევროპის საბჭოსთან, ევროპის კავშირთან, ეუთოსთან, ინტერპოლთან, ასევე, საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციასთან. 2021 წელს საქართველომ მონაწილეობა მიიღო გაეროს, ევროპის კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგებსა და კონფერენციებში, მათ შორის, ივნისში გაეროს წევრი სახელმწიფოების კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელ პირთა მაღალი დონის მეორე კონფერენციაში. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს კონტრტერორისტული კომიტეტისა და კონტრტერორისტული მიმართულებით ევროპის საბჭოს სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები