“2008 და 2014 წლები დასავლური სამყაროს ცინიკური პოზიციისთვის ის ზღვარი გახდა, რის შემდეგაც უკან მობრუნება შეუძლებელია” – მედვედევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის აზრით, რუსეთის მიმართ დასავლური სამყაროს გაყინული და ცინიკური პოზიციისთვის ორი თარიღი გახდა ის ზღვარი, რომლის შედეგად უკან მობრუნებაა შეუძლებელი.
მათგან პირველი 2008 წლის, საქართველოს წინააღმდეგ ომი და მეორე, 2014 წელს ანექსირებულ ყირიმში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმი.
ამის შესახებ ის გაზეთ “იზვესტია”-სთვის დაწერილ სტატიაში ამბობს.
„პირველი არის 2008 წელი, როდესაც დასავლურმა სამყარომ მხარი დაუჭირა საქართველოს აგრესიას ოსი ხალხის წინააღმდეგ და ცამდე აიყვანა სულელი, ნარკომანი და ავანტიურისტი, რომელიც მოგვიანებით უარყო არა მხოლოდ საკუთარმა ქვეყანამ, არამედ უცხოურმაც, სადაც ის შეშინებული გაიქცა. აგრესორისთვის მაშინ სწრაფი და მტკიცე წინააღმდეგობა იქნა გაწეული.
მეორე გარდამტეხი წერტილია 2014 წლის გაზაფხული, როდესაც ყირიმელებმა საკუთარი ნება კანონიერ რეფერენდუმზე გამოთქვეს და სამუდამოდ დაბრუნდნენ ისტორიულ სამშობლოში. ამან დასავლური სამყარო გააცოფა, გამოიწვია უძლური ისტერიკა, რომელიც დღემდე გრძელდება. მათი კრუნჩხვები გაძლიერებულია გამოქვაბულის დროინდელი რუსოფობიით და უკრაინის სახით ახალი ფრანკენშტეინის შექმნის სურვილით – განსაკუთრებული “ანტირუსეთი”, რაზეც წერდა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი. კიდევ რა შეიძლება, აქ ითქვას? მხოლოდ ერთი რამ: დღევანდელი უტვინო დასავლელი პოლიტიკოსების ბრძენმა წინამორბედებმა ასე თქვეს: Deus quos vult perdere dementat prius – ღმერთს ვისი დასჯასაც უნდა, მათ ჯერ გონიერებას ართმევს. სწორედ ამ გიჟურმა ისტერიკამ, ჩვენი ქვეყნის დაგლეჯვის აკვიატებულმა სურვილმა გამოიწვია სპეციალური სამხედრო ოპერაცია”, – წერს მედვედევი.