„როცა სახელმწიფო ფასების რეგულირებას ახდენს, ზედა ჭერს განსაზღვრავს, მოსახლეობის დიდ ნაწილს თანხები ეზოგება“ – სოსო არჩვაძე წამლებზე რეფერენტული ფასების ამოქმედებას აფასებს

„როცა სახელმწიფო ფასების რეგულირებას ახდენს, ზედა ჭერს განსაზღვრავს, ამით მოსახლეობის დიდ ნაწილს თანხები ეზოგება და შეუძლია, ეს თანხები სხვა მიმართულებით გამოიყენოს“, – ამის შესახებ ეკონომისტმა, სოსო არჩვაძემ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედებასთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

არჩვაძის თქმით, რეფერენტული ფასების დაწესება დაბალ და ფიქსირებულშემოსავლიანი მოსახლეობის ინტერესების ითვალისწინებს.

„ხელისუფლების ინიციატივით, რეფერენტული ფასები, პირველ ყოვლისა, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვისაა განსაზღვრული. მინდა, თავიდანვე ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს რაღაც უპრეცედენტო და იშვიათი მოვლენა არაა. შეგახსენებთ, რომ საქართველო სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფოა. კონსტიტუციაში ჩანაწერია და ხელისუფლება თავის ეკონომიკური, სოციალური პოლიტიკით იმ ღონისძიებათა სისტემას ახორციელებს, რომელიც სწორედ სოციალური ქოლგის წარმოქმნას, მოსახლეობის ინტერესის მაქსიმალურად დაკმაყოფილებას და კეთილდღეობის ზრდას ემსახურება. ხელფასების ზრდასა და დასაქმებაზე რომ არ ვილაპარაკოთ, რაზეც ბევრჯერ ყოფილა საუბარი და აქ პოზიტიური ტენდენციაა, უბრალოდ, ვიტყვი იმას, რომ ბოლო პერიოდში ნომინალური ხელფასის ზრდა ინფლაციის მაჩვენებელს დაახლოებით 1, 5-ჯერ უსწრებს. ეს ნიშნავს იმას, რომ დასაქმებულთა რეალური შემოსავლები კი არ მცირდება, არამედ იზრდება, ორნიშნა ინფლაციის პირობებშიც კი. გავიხსენოთ ის ღონისძიებები, რასაც ხელისუფლება დაბალშემოსავლიანი და ფიქსირებულშემოსავლიანი მოსახლეობის ინტერესების დასაცავად მიმართავდა: ეს იყო კომუნალურ ხარჯებზე სუბსიდირება, პენსიონერები, სტუდენტები, იძულებით ადგილნაცვალი პირები ტრანსპორტზე სოლიდური შეღავათით სარგებლობენ, რომ დააკვირდეთ, მათთვის სატრანსპორტო მომსახურება გაცილებით იაფია, ვიდრე იყო საბჭოთა პერიოდშიც კი. ამიტომ, რეფერენტული ფასების დაწესებას განვიხილავ არა როგორც რაღაციდან ამოვარდნილ შემთხვევას, არამედ როგორც იმ კანონზომიერების ჯაჭვის ერთ-ერთ რგოლს, რასაც ხელისუფლება ახორციელებს.

ავადმყოფობამ არ იცის ასაკი და სოციალური წარმომავლობა, მაგრამ, როგორც წესი, ასაკის მატებასთან ერთად, დაავადების მაჩვენებელი უფრო ხშირია. 65 წელს გადაცილებულებისთვის სამედიცინო ხარჯების მოცულობა მთელი სამედიცინო ხარჯების ორ მესამედს მოიცავს. პირდაპირ პარალელის გავლება არ შეიძლება, მაგრამ ამ მაღალი კორელაციის გათვალისწინებით, რეფერენტული ფასების დაწესება სწორედ დაბალ და ფიქსირებულშემოსავლიანი მოსახლეობის ინტერესების ითვალისწინებს და აკმაყოფილებს.
როცა სახელმწიფო ფასების რეგულირებას ახდენს, ზედა ჭერს განსაზღვრავს, ამით მოსახლეობის დიდ ნაწილს თანხები ეზოგება და შეუძლია, ეს თანხები სხვა მიმართულებით გამოიყენოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთობლივი მოთხოვნა იზრდება. თავის მხრივ, ერთობლივი მოთხოვნის ზრდა მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ეროვნული პროდუქტის კიდევ უფრო მატებას ნიშნავს. აღნიშნულის ხარჯზე ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება მოხდება. ანუ, აღნიშნულ ღონისძიებას სოციალური დატვირთვაც აქვს და მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების ამოცანაც“, – განაცხადა არჩვაძემ.

ცნობისთვის, 15 თებერვლიდან რეფერენტული ფასი 800-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა.

„აღნიშნული გადაწყვეტილება, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათშორისმა კომისიამ მიიღო. ჯანდაცვის სამინისტრომ, მედიკამენტების რეფერენტულ ფასებზე, ფარმაცევტული სექტორის მიერ წარმოდგენილი 700-ზე მეტი პრეტენზია განიხილა.

უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 300-ზე მეტი მედიკამენტის ფასი დაკორექტირდა, ცვლილება კი ძალაში 15 მარტიდან შევა.

800-ზე მეტი წამლის, განახლებული ჩამონათვალი, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერზე, უკვე გამოქვეყნდა. ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ.

მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალება.
მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს“ – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები