გივი მიქანაძე: მერაბიშვილმა კეზერაშვილთან ერთად მიიტაცა „ნაცმოძრაობა“ და ჰყავთ მარიონეტული თავმჯდომარე – პარტია, ფაქტობრივად, არ არსებობს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.
მიქანაძის თქმით, ვანო მერაბიშვილმა დავით კეზერაშვილთან ერთად “ნაცმოძრაობა” მიიტაცა.
„ვფიქრობ, რომ განცხადება იმის შესახებ, რაც მან თქვა – „ჩემი პარტია“, არის სწორი გამოხატულება იმისა, რაც ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ თავს ხდება, რადგან ამ ადამიანმა კეზერაშვილთან ერთად მიიტაცა ეს პარტია და ვიცით, რომ ჰყავთ მარიონეტული თავმჯდომარე, რომელიც მათ ინტერესებს, ახირებებს უპირობოდ, მონური მორჩილებით ასრულებს, თუმცა, რეალობა ის არის, რომ ეს ადამიანები თვით შიდაპარტიული წარმომადგენლებისთვისაც კი მიუღებლები არიან. პარტია ფაქტობრივად არ არსებობს. მე თუ მკითხავთ, დასახელებაც არ არსებობს, ინიციალებიღა დარჩა“, – განაცხადა მიქანაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს შს ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა „ფეიგინ LIVE“ -ის ეთერში საუბრისას განაცხადა: “პარტიაში არჩევნების შემდეგ 1 კვირა გავიდა და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები მთელ საქართველოში ჩატარდა – ახალი ხელმძღვანელობა მიაღწევს იმას, რომ რამდენიმე თვეში შეიცვლება სიტუაცია”.