შალვა პაპუაშვილი: მერაბიშვილი ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმის ერთ-ერთი არქიტექტორია – ეს ადამიანი დღეს ცდილობს, ფეხი მოიკიდოს პოლიტიკაში, დრამატული ფაქტია
„2012 წელს ქართველი ხალხი საარჩევნო ყუთებთან აჯანყდა იმის გამო, რომ საქართველოში შექმნილი იყო პოლიციური რეჟიმი, რომელიც ადამიანის ჩაგვრაზე იყო დაფუძნებული”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “შს ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმის, სისტემის ერთ-ერთი არქიტექტორია – ეს ადამიანი დღეს ცდილობს, ფეხი მოიკიდოს პოლიტიკაში, დრამატული ფაქტია”.
“ამ რეჟიმის მთავარი შემოქმედი რომ ვანო მერაბიშვილია, ამაზე ამას წინ მიხეილ სააკაშვილმაც ისაუბრა, თუ სწორად მახსოვს. თავად „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნითაც საუბრობენ ამაზე. ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმის, სისტემის ერთ-ერთი არქიტექტორი სწორედ გახლავთ ვანო მერაბიშვილი და ამას რაიმე დამატებითი დრამატიზება არ სჭირდება იმდენად დრამატულია ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელმაც 21-ე საუკუნეში შექმნა ჩაგვრის სისტემა, რომელიც იწყებოდა ადამიანის მორალური ტერორიდან და თვალთვალიდან და სრულდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადამიანის წამებით, ამ სისტემის ამწყობი ადამიანი დღეს ცდილობს, ფეხი მოიკიდოს პოლიტიკაში. კიდევ ერთხელ უნდა დავაკვირდეთ და შევაფასოთ ყველა ადამიანი, ვინც მას პოლიტიკურად ჩამოართმევს ხელს“, – აცხადებს პაპუაშვილი.