ხატია ბუნიათიშვილის კონცერტს ლუცერნში მარტა არგერიხი დაესწრო და წარმატება მიულოცა
შვეიცარიის ქალაქ ლუცერნის “Conzerthsaal”-ში, გუშინ ცნობილი ორკესტრების Orchestre de la Suisse Romande (ჟენევა) და ლუცერნის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი გაიმართა, რომელსაც “რომანდეს” მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ინგლისელი მუსიკოსი ჯონათან ნოთთი ხელმძღვანელობდა. პუბლიკა აქ იგორ სტრავინსკის, არტურ ჰონეგერისა და პეტრე ჩაიკოვსკის მუსიკის მოსასმენად შეიკრიბა.
ჩაიკოვსკის პირველი კონცერტი ხატია ბუნიათიშვილმა დაუკრა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მას მუდამ აღტაცებით ხვდება მსმენელი და ამჯერადაც ხანგრძლივი ოვაცია მოიმკო. წარმატების მწვერვალი კი მას თურმე წინ ელოდა, როცა კონცერტის შემდეგ გენიალური არგენტინელი პიანისტი მარტა არგერიხი ეწვია და წარმატება მიულოცა. ეს ნამდვილი სიურპრიზი იყო, რადგან ხატიამ მხოლოდ იმ მომენტში შეიტყო, რომ თურმე დარბაზში მარტა არგერიხი იმყოფებოდა! ქართველმა პიანისტმა უმალ ამაღელვებელი პოსტი გაავრცელა სოციალურ მედიაში: „მადლობა ლუცერნს, რომელმაც გული გამითბო და მადლობა მარტას დარბაზში ყოფნისთვის. შენ გამახსენე, ვინც და რაც ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი ახალგაზრდობის წლებიდან”…
ქართველი პიანისტი, რომელმაც ზუბინ მეტას, დომინგოს, ნაგანოს, აშკენაზის, ბიჩკოვის, დუდამელის დირიჟორობით წარმოაჩინა თავისი პიანიზმი და დღეს ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა პიანისტად არის აღიარებული, უაღრესად დატვირთული საკონცერტო მოღვაწეობით ცხოვრობს და მომავალი სამი წელიწადი უკვე გაწერილი აქვს.
ხატია ბუნიათიშვილს მოუთმენლად ელის მსმენელი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც ეძვირფასებათ საფორტეპიანო მუსიკა. თებერვლის ბოლომდე მას გერმანიის, საფრანგეთისა და ბელგიის რამდენიმე საკონცერტო დარბაზში ელოდებიან.
მსოფლიო პიანიზმის ცოცხალი ლეგენდის, მარტა არგერიხის ამ ადამიანურმა ჟესტმა, დარწმუნებული ვარ, გულწრფელი სიხარული მოჰგვარა არა მარტო ხატიას, არამედ მისი ტალანტის ასიათასობით თაყვანისმცემელს.
მე კი ამ სასიხარულო ამბავმა უნებურად წარმოშობით ქართველი, მიღებული რუსი პიანისტის – ელისო ვირსალაძის შეფასება გამახსენა, რომელიც მან ამ ორიოდე წლის წინათ ხატია ბუნიათიშვილის პიანიზმის მიმართ გამოიყენა და მას „კაშმარ“-ი უწოდა!
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან