„ავტოსაგზაო შემთხვევების ერთ-ერთ წამყვან მიზეზად სიჩქარის გადაჭარბება რჩება, ქალაქის გზებზე სიჩქარის ლიმიტები უნდა გადაიხედოს“ – ეკა ლალიაშვილი

ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის განცხადებით, სიჩქარის გადაჭარბება ავტოსაგზაო შემთხვევების ერთ-ერთ წამყვან მიზეზად რჩება, რაც მსხვერპლს იწვევს.

მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ლალიაშვილმა საგზაო შემთხვევების 1 წლის სტატისტიკის შესახებ ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, ყოველწლიური სტატისტიკა განვიხილოთ. ეს გვაძლევს გარკვეულ სიგნალს, რათა ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის, რომ შემდეგი წელი უკეთესი გვქონდეს, გზებზე ნაკლები მსხვერპლი იყოს. 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, მთლიანობაში, შემცირებულია როგორც საგზაო შემთხვევების, ასევე, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი. თუმცა, ვხედავთ, რომ დედაქალაქში დაღუპულთა ოდენობა 8 %-ით გაზრდილია, იმის მიუხედავად, რომ დანარჩენი ორი მონაცემი – საგზაო შემთხვევების და დაშავებულთა რიცხვი დაახლოებით 6 %-ითაა შემცირებული. მთლიანობაში შეიძლება, ითქვას, რომ დინამიკა პოზიტიურია, თუმცა პრობლემა რჩება და ეს სერიოზული გამოწვევაა იმიტომ, რომ როდესაც წლის განმავლობაში საგზაო შემთხვევებში 430 ადამიანი იღუპება, მძიმე დაზიანებას დაახლოებით 5500 ადამიანი იღებს, კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯებია გადასადგმელი იმისათვის, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტს გავუტოლდეთ. რაც შეეხება საგზაო შემთხვევების სხვადასხვა ფაქტორით გამოწვევას: ვიცით, წამყვანი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა.

2022 წელს, სამწუხაროდ, 20 %-ით კვლავ გაიზარდა საგზაო შემთხვევები, რომლებიც სიჩქარის გადაჭარბებითაა გამოწვეული, დაშავებულთა ოდენობა 26 %-ით, ხოლო ლეტალობა დაახლოებით 7 %-ით გაიზარდა. რაც შეეხება ნასვამ მდგომარეობაში მართვას: მიუხედავად იმისა, რომ კანონი გვაქვს და ვიცით, რომ განმეორებით ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე ადმინისტრაციული პატიმრობაცაა, ვხედავთ, რომ საგზაო შემთხვევები და დაშავებულთა ოდენობა ამ ნაწილში დაახლოებით 10 %-ითაა გაზრდილი. თუმცა, ლეტალობა ოდნავ შემცირებულია.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ სიჩქარის გადაჭარბება მუდმივად რჩება ავტოსაგზაო შემთხვევების ერთ-ერთ წამყვან მიზეზად და ფაქტორად, რაც მსხვერპლს იწვევს“, – განაცხადა ლალიაშვილმა.

მისივე თქმით, ქალაქში სიჩქარის ლიმიტები უნდა შემცირდეს.

„უმნიშვნელოვანესია სიჩქარის ლიმიტების შემცირება. ერთია ის, რომ სიჩქარის გადაჭარბება ხდება, თუმცა, ისეთი ლიმიტები გვაქვს დედაქალაქში, რომ ამ არსებული სიჩქარით მოძრაობაც კი საფრთხისშემცველია. განსაკუთრებით ყურადსაღებია მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, სკოლის ზონები, სადაც მოზარდები გადაადგილდებიან. ქალაქში საშუალო სიჩქარე – 60 კმ/სთ, ვფიქრობ, უნდა გადაიხედოს. საერთაშორისო გამოცდილებაც გასაზიარებელია, რადგან დღეს ევროპულ ქალაქებში საშუალო სიჩქარე 50 კმ/სთ-ია. დღეს კვლავ მიმდინარეობს მოძრაობა და კამპანია იმისკენ, რომ ეს სიჩქარეც დაიწიოს იქ, სადაც შერეული მოძრაობაა, ველოსიპედის მომხმარებლები, ასევე ბავშვები მოძრაობენ. ამიტომ, ვფიქრობ, თუ გვინდა, სტატისტიკა შევამციროთ, სხვადასხვა მიმართულებაზე მუშაობასთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, ქალაქის გზებზე სიჩქარის ლიმიტების გადახედვა უნდა იყოს განხილული“, – განაცხადა ლალიაშვილმა.

„საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით საგზაო შემთხვევების შესახებ 2022 წლის სტატისტიკა გაავრცელა, რომლის თანახმადაც გასული წლის განმავლობაში საქართველოში 7 517 საგზაო -სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 430, ხოლო დაშავდა 5 469 ადამიანი.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები